ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება” განიხილა და სარატიფიკაციო დოკუმენტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, შარშან მარტში ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა”, რომლის ფარგლებში IBRD-მა საქართველოს სესხის სახით 358 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო.
„პროგრამა ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას შემდეგ სექტორებში: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა. ამ პროგრამის თანადაფინანსების მიზნით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) მზადაა საქართველოს სესხის სახით 100 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყოს. შესაბამისად, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად სააგენტო ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამას დააფინანსებს”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება ითვალისწინებს AFD-ის მიერ საქართველოსთვის სესხის სახით 100 მლნ ევროს გამოყოფას. სესხის სავარაუდო ხანგრძლივობა 20 წელია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდია 5 წელი. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა კანონპროექტი: „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. საკითხი კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განსახილველად ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა წარუდგინა. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.