გიორგი ცუცქირიძე: როდესაც მიდის ღია კრიტიკა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მისი ფრთხილი პოზიციის გამო, არც დოკუმენტურად არის დადასტურებული და არც ფაქტობრივი მასალით

“უკრაინაში რუსული ინტერვენციის მოსალოდნელი ახალი საგაზაფხულო საბრძოლო ბატალიების ფონზე, სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს საერთაშორისო სანქციებთან მიერთება-არმიერთების საკითხი. თუ აქამდე ამ თემით ძირითადად უკრაინული მხარე აქტიურობდა, რასაც ერთი ერთში ახმოვანებდა ქართული რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი მედია, უკვე საერთაშორისო განზომილებაში გადავიდა და ცალკეული დასავლური მედია-საშუალებებიც ჩაერთვენ”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“რაც ყველაზე საინტერესოა და სამწუხაროც, როდესაც მიდის ღია კრიტიკა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მისი ფრთხილი პოზიციის გამო და ბრალსაც კი სდებენ ე.წ შავი ხვრელების მხარდაჭერაში, არც დოკუმენტურად არის დადასტურებული და არც ფაქტობრივი მასალით!

ამასთან, საერთოდ არ ხდება იმ ფაქტორების ამოწევა სანქცირების რეჟიმთან ოფიციალურად შეერთებისას თუ რა შედეგები შეიძლება ამას გამოეღო. აქ მხედველობაში მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორები არა მაქვს, ეკონომიკურ მხარესაც ვგულისხმობ!

შექმნილი სიტუაცია მაგონებს გასული საუკუნის 20-იან წლებს, როდესაც ანალოგიური გლობალური დაპირისპირებისას პირველ მსოფლიო ომში, ანტანტამ ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხა ე.წ ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის სახით.

მაშინ საქართველოს დღევანდელისაგან განსხვავებით ცალსახა პოზიცია ეკავა, ნოე ჟორდანიას მთავრობა ფავორში იყო გერმანიასთან წმინდა იდეოლოგიური ფაქტორის გამო. გარდა იმისა, რომ თავად ჟორდანია იდეური მრწამსით მარქსისტი იყო, გერმანიას მაშინ სოციალ დემოკრატები მართავდენ! ანტანტასთან დაპირისპირებაც იდეოლოგიურ ხაზს ატარებდა, მომძლავრებული სოციალ დემოკრატია, რომელიც მთელ ევროპაში იყო მოდებული ანგლოქსაქსურ ბურჟუაზიას უპირისპირდებოდა.

ბუნებრივია, გერმანიის მარცხმა პირდაპირი ზეგავლენა იქონია საქართველოს ბედზე, საქართველომ არა უბრალოდ დაკარგა თავისი ძირძველი ტერიტორიები, არამედ იგი ფაქტიურად გაიყო გამარჯვებული ანგლოსაქსური ბლოკის მიერ, რუსეთ-თურქეთის ინტერესში.

ამიტომც იყო, რომ ქართული ტერიტორიების ნაწილი თურქეთს ერგო და ნაწილი საბჭოთა რუსეთს! თურქეთს ოსმალეთის იმპერიის კომპენსაციისათვის, ხოლო საბჭოთა რუსეთს ანტანტის წევრობისათვის და რამდენად პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ლორე სომხეთს ანტანტის მხარეს დგომისათვის უბოძეს, ხოლო საინგილო აზერბაიჯანს უკვე შიდა ბოლშევიკური სოლისარობისათვის. უფრო გასაგებად ვიტყვი, რომ იმ პერიოდში ბოლშევიკურ ბანაკში საბოლოოდ გაიმარჯვა კავკასიურმა ხაზმა, ტროცკისტურ ბანაკზე, სტალინ-ბერიას სახით, რომლის მხარესაც ბაქოს 26 კომისარი იდგა. ისე ტროცკის გამარჯვების შემთხვევაში, იმ ბუფერულ დამოუკიდებლობასაც დავკარგავდით საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსით, რომ გვქონდა!

ეს ისტორია, აქ შემთხვევით არ მომიყვანია. დღესაც პრაქტიკულად ანალოგიური გლობალური დაპირისპირების და მოსალოდნელი გადანაწილებების წინაშე ვდგავართ. განსხვავება კი ის გახლავთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე არასდროს გადაუხვევია ატლანტიკური არჩევანისათვის, სხვათა შორის უკრაინის და მოლდოვასაგან გასხვავებით. სწორედ ამ არჩევანის გამო, რუსეთმა დიდწილად მოახდინა ჯერ კონფლიქტების პროვოცირება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ხოლო 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სულაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა!. მოლდოვა დღემდე რჩება დსთ-ს წევრად, ხოლო უკრაინა ყირიმის ოკუპაციის შემდეგაც დსთ-ს წევრი იყო!

აქედან გამომდინარე, როდესაც საკითხი დგება ცალსახად საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაზე, უნდა დაისვას მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი!

საერთაშორისო სანქციებთან მიერთება არ არის მხოლოდ ეკონომიკური განზომილება და არც ცალსახად ლარსის ჩაკეტვაა მოსალოდნელი სცენარების ნაწილი. სანქციებ თან მიერთება არა მხოლოდ ლარს ჩაკეტავდა ფაქტიურად, არამედ რეექსპორტსაც შეზღუდავდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ანუ ამის პოლიტიკურ ნაწილს თავი, რომ დავანებოთ წმინდა ეკონომიკური ზეგავლენის ფაქტორები ვარდნას კიდევ უფრო თვალშისაცემს გახდის!

ქართული ოპოზიცია მაჟორულ ნოტაზე კი არ უნდა ახდენდეს ხელისუფლების შანტაჟირებას, არამედ არსებული კურსის რევიზიის შესაძლო ნეგატიურ ფაქტორებზე უნდა აკეთებდეს აქცენტებს.

სხვადასხვა გათვლებითაც კი ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე 2022 წელს რეალური მშპ-ს მოსალოდნელი 10.3 პროცენტიანი ზრდისა, უარესი სცენარით მივიღებდით არა თუ 6-7 პროცენტიან ვარდნას, რაც კოვიდ პანდემიურ წელს 2020 წელს გვქონდა, არამედ სავარაუდოდ ორნიშნა პროცენტიან ვარდნასაც კი მივიღებით, მისი თანმდევი ნეგატიური შედეგებით. ვფიქრობ, პოლემიკაც ამ კუთხით უნდა იყოს გაშლილი და რაც დროზე გაიშლება, ჩვენ ამით მხოლოდ მოვიგებთ.

იგივეს ვიტყვი დასავლეთზე. როდესაც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან პრეტენზიები ცალმხრივად ჟღერდება, თუნდაც ელჩის დონეზე, მთავარი კითხვა უნდა იყოს ამ კუთხით დასმული: რა ალტერნატივას სთავაზობს დასავლეთი დღეს საქართველოს? აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას, რაც უკვე რამდენი წელია დგას დღის წესრიგში და საშველი არ დაადგა დღემდე და ისიც ამერიკული მხარის გამო!

ფინანსური მხარდაჭერის და განსაკუთრებით უსაფრთხოების რა გარანტიები იქნება შემოთავაზებული, პირველ რიგში სამხედრო კომპონენტს ვგულისხმობ. რამდენად მზად არის აშშ თავისი ბაზები განათავსოს საქართველოში ან უზრუნველყოს ქვეყნის საჰაერო თავდაცვა?

ამ საკითხების განხილვის გარეშე, ცალკეული ყოფილი თუ მოქმედი უცხოელი დიპლომატების თუ სამხედრო პირების მოწოდებები და პრეტენზიები ატარებს სუბიექტურ ხასიათს და ხშირ შემთხვევაში აზიანებს კიდევაც სტრატეგიული პარტნიორობის არსებულ ფორმატებს.

ასე ყბადაღებული მეორე ფრონტის გახსნა არის კიდევ ერთი არანაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი. რუსეთი სულაც რომ დასუსტდეს იმ დონეზე, რომ ჩვენთვის ნაკლებად ეცალოს, აფხაზეთში და სამაჩაბლოში სამხედრო შენაერთების შეყვანა აუცილებლად გამოიწვევს სამხედრო კონფლიქტს აფხაზებთან და ოსებთან, და არ იქნება ეს მხოლოდ შეტაკება იქ განლაგებულ რუსულ სამხედრო შენაერთებთან! ეს არ არის იგივე, რაც უკრაინაში უკრაინელებს და რუსებს შორის ხდება. თავის დროზე შევარდნაძის ყველაზე დიდი დანაშაულიც აფხაზეთში საჯარისო ნაწილების შეყვანა იყო, რასაც მოყვა კიდეც სისხლისღვრა აფხაზებსა და ქართველებს შორის.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზებიც და ოსებიც უძველესი კავკასიური ეთნოსია, ისტორიაც საერთო გვაქვს და ერთადაც ერთი სახელმწიფოს და ერთი დროშის ქვეშ არაერთხელ გვიომია!

დუმილი კი ნამდვილად არ არის გამოსავალი, რადგან მუხრანს რომ დავესეხო დუმილის ფასი ჩვენ უკვე ვნახეთ.

– დუმილი რეკავს, დუმილი რეკავს, ოშკით, ოპიზით, ზარზმით, ხახულით, …. რეკავს სამრეკვლო ხმადაკარგული.

P.S ეს პოსტი სხვა რამისთვის დაიწერა, არ ვიცი რამდენად ვთქვი ჩემი სათქმელი. გერმანიას რომ მოეგო, რომელსაც მაშინ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ეთქმოდა, იგივე შედეგი ხომ არ დადგებოდა? უფრო პირიქით, ან დემეტრე თავდადებულის ბანაკს რომ გაემარჯვა, რომელიც ოქროს ურდოში ფავორიტი იყო, მისი და ჩვენი ბედიც ხომ ცოტა სხვაგვარად განვითარდებოდა, მან თავისი თავგანწირვით ქვეყანას უარესი სცენარი აარიდა… ამიტომ, ისტორია ულმობელია და პიროვნებათა არჩევანიც ხშირად ქვეყნის საზღვევი გამხდარა!”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები