ანრი ოხანაშვილი: შესაბამისი უწყებები ზრუნავენ, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს უსაფრთხოდ, მიეწოდოს ყველა საჭირო სერვისი, სასჯელი მოიხადოს გარემოში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაა დადგენილი
სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება საკითხების სპეკულირება, ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ არის ინტერესთა ჯგუფი, პირი თუ პირები, ეს ხელის გულზე დევს მათ მიერვე გაკეთებული განცხადებებით, ვინც ლობირებენ პატიმარ სააკაშვილს, რომ, უბრალოდ, მან სასჯელი არ უნდა მოიხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მხილებულია არაერთ მძიმე დანაშაულში, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ხალხის ძალის“ განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ინტერესები ამის იქითაც ბევრი იქნება და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს უწევთ ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარება, რათა პატიმარი სააკაშვილი უსაფრთხოდ იყოს.
„შესაბამისად, ინტერესები ამის იქითაც ბევრი იქნება და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს მოუწევთ და უწევთ ყველა შესაბამისი ღონისძიების და ზომის გატარება, რათა პატიმარი სააკაშვილი იყოს უსაფრთხოდ, მას მიეწოდოს ყველა შესაბამისი სერვისი, რაც ჯანმრთელობისთვის სჭირდება და სასჯელი მოიხადოს იმ გარემოში და ვითარებაში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაა დადგენილი. ამაზე ჩვენი შესაბამისი უწყებები და სტრუქტურები ზრუნავენ, თუმცა ინტერესი შეიძლება, ბევრი მიმართულებით იყოს და ეს პათოსი თუ არის ამ წერილში, რა თქმა უნდა, მე რომც არ გითხრათ, ყველა ხვდება და ხელის გულზე დევს, რომ ეს ვერსიები შესაძლებელია, მათი მხრიდან განიხილებოდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალა“ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოყვება, არამედ შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს. იგივე ეხება რევოლუციის მოსაწყობად სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციასაც, რაზეც ის პატრონებს ასევე მტკიცებულებების დადებით ემუქრება“.