რა მახასიათებლები და სიმპტომები აქვს Covid-ის ახალ, ყველაზე იოლად გადამდებ ვარიანტს, ე.წ „კრაკენს“ – ივანე ჩხაიძის განმარტება

რას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. „კრაკენი“: რა მახასიათებლები და სიმპტომები აქვს ვირუსის ამ ვარიანტს და რამდენად საფრთხისშემცველია ის – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

მისი თქმით, დადასტურებულია, რომ XBB.1.5 დღემდე არსებულ „ომიკრონის“ ყველა მუტაციას შორის ყველაზე იოლად და სწრაფად გადამდები ვარიანტია.

„ომიკრონის“ ახალი ქვევარიანტი, რომელიც მსოფლიოში უკვე რამდენიმე თვეა ცირკულირებს, ერთ-ერთ ქვევარიანტს წარმოადგენს და არ არის სრულიად ახალი მუტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია , ვინაიდან, თუ ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი არსებობს, ამის უკან არა მხოლოდ უფრო მეტად გადამდები, არამედ მეტად მძიმე მიმდინარეობის განმაპირობებელი ვარიანტი უნდა იდგას, რაც „ომიკრონის“ ეს ქვევარიანტი ნამდვილად არ არის. მას სამედიცინო ენაზე XBB.1.5 ჰქვია, სხვა ტერმინით ხშირად „კრაკენის“ სახელით მოიხსენიებენ.

როდესაც ახალ ქვევარიანტზე ვლაპარაკობთ, ჯანმო-ს კლასიფიკაციის მიხედვით, იმისთვის, რომ ეს ქვევარიანტი შეშფოთების ვარიანტის კატეგორია გახდეს 3 თვისება უნდა ჰქონდეს: 1. უნდა იყოს უფრო მეტად, იოლად გადამდები. 2. უფრო მძიმე დაავდებას უნდა იწვევდეს. 3. ვაქცინების მიმართ რეზისტენტული, მდგრადი უნდა იყოს.
ამ სამი თვისებიდან „ომიკრონის“ ამ ახალ ქვევარიანტს მხოლოდ პირველი ახასიათებს. დადასტურებულია, რომ ის დღემდე არსებულ „ომიკრონის“ ყველა მუტაციას შორის ყველაზე იოლად და სწრაფად გადამდები ვარიანტია. შესაბამისად, სიმძიმე და საფრთხე, რაც ამ ქვევარიანტისგან მომდინარეობს მხოლოდ სწრაფ და იოლ გავრცელებას ეხება. დღისათვის ის მსოფლიოს 38 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ყველაზე მეტი რაოდენობით აშშ-შია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტ შემთხვევას განაპირობებს. ევროპაშიცაა დაფიქსირებული. ჯერჯერობით „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ არ გვაძლევს ინფორმაციას, რომ საქართველოში ეს ქვევარიანტი დაფიქსირდა, თუმცა, ამის მოლოდინი ნამდვილად არსებობს.
რამდენად საფრთხისშემცველია ამის შესახებ ჯანმ-ომ რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელიც სწორედ ამ ქვევარიანტს ეძღვნება. აღინიშნა, რომ გადაცემის სიიოლის გამო ახალი რეკომენდაცია მიიღეს. ეს რეკომენდაცია ეხება თვითმფრინავში ნიღბის ტარების ვალდებულების შემოღებას იმ ქვეყნებიდან ხანგრძლივი მგზავრობისას, სადაც ეს ვარიანტი უფრო მეტადაა გავრცელებული. ჯანმ-ო ძირითადად, აქცენტს ხანგრძლივი ფრენის შემთხვევაში ნიღბის ტარების რეკომენდაციის აღდგენაზე აკეთებს. ეს არ არის ვალდებულება, ეს რეკომენდაციაა. აქვე ჯანმ-ო აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს, რომ ეს ვარიანტი შეშფოთების ვარიანტად შეფასდეს, ვინაიდან უფრო მძიმე დაავადებას არ იწვევს და გარკვეულწილად ვაქცინები მის წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს განსაკუთრებით ე.წ. ბივალენტურ ვაქცინებს ეხება, რომელიც როგორც „ომიკრონის“ ერთ-ერთი ვარიანტის, ისე ორიგინალური ჩინური ვიურსის საწინააღმდეგოა. შესაბამისად, გარკვეულწილად დროითი ფარგლებია ჩამოყალიბებული: თუ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე გაქვთ გადატანილი, ამ ქვევარიანტის მიმართ რეზისტენტობა მდგრადობა ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ, თუ ახალი, ბივალენტური ვაქცინით ხართ აცრილი, ან სექტემბრის შემდგომ პერიოდში გაკეთებული გაქვთ ბუსტერ დოზა , თქვენი დაცვა გარკვეულწილად ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. შესაბამისად, ერთი რეკომენდაცია, რასაც ჯანმ-ო ხაზგასმით აღნიშნავს: თუ გვინდა ამ ქვევარიანტისგან თავი დავიცვათ, ეს არის ბუსტერ დოზით ვაქცინირება, მესამე, ან მეოთხე დამატებითი დოზით, გააჩნია რომელ ასაკობრივ კატეგორიას ეკუთვნით და როგორია თქვენი აცრის სტატუსი, ან ბივალენტური ვაქცინა, რომელიც გარკვეულწილად ამ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია“- განაცხადა ჩხაიძემ.

ჩხაიძემ განმარტა, როგორ მიმდინარეობს დაავადება.

„რაც შეეხება დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას: მისი მიმდინარეობა „ომიკრონის“ მსგავსია. არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე , თავის, კუნთების , სახსრების ძლიერი ტკივილი, არ მოქმედებს ფილტვებზე. ეს არის ის თვისებები, რომელიც „ომიკრონამდე“ ყველაზე მძიმე „დელტა“ ვარიანტს ჰქონდა. განსხვავებით „დელტასგან“ „ომიკრონის“ ეს ქვემუტაცია განსაკუთრებული კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა. ისეთივე დიდი ტალღის შექმნა არ შეუძლია.

საქართველოში  თუ დაფიქსირდება და დიდი ალბათობით ამის რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს,  ყველაზე მეტი რაც შეიძლება გამოიწვიოს, ინფიცირების შემთხვევების მატებაა, ოღონდ ეს შემთხვევები არ იქნება მძიმე,  არ იქნება საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა. თუმცა,  განსაკუთრებულ ჯგუფებში: 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში, ქრონიკული დაავადებების  მქონე პირებში, ნებისმიერი ქვევარიანტი , მათ შორის „კრაკენიც“ გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს“ – განაცხადა ჩხაიძემ.

 

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები