რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება

20 იანვარს, 15:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში   რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მის პირველ რეტროსპექტულ გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანის მიერ XX საუკუნის 60/80-იან წლებში შექმნილი ქანდაკებები და 2017-2020 წლების გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა უმეტესობა მოდერნისტულ სკულპტურათა ესკიზებია.
„მოქანდაკე, პედაგოგი, ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორი რუსუდან გაჩეჩილაძე 60-იანი წლების თაობას მიეკუთვნება. მომავალმა ხელოვანმა თბილისის სამხატვრო აკადემია 1962 წელს დაამთავრა, სადაც სერგო ქობულაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნოებში სწავლობდა.
სახელოვნებო კრიტიკამ რუსუდან გაჩეჩილაძე შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად აღიარა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, XX საუკუნის 60-იან წლებში, მან უარი თქვა ზედაპირულად გაგებულ რეალისტურ გამოსახულებაზე და სკულპტურას თავდაპირველი მაგიურობისა და ვიტალურობის თვისებები დაუბრუნა. ამასთან ერთად, პოლიქრომიის მეშვეობით, თაბაშირის შუალედური მატრიცა საბოლოო მასალად აქცია მისთვის ხან ტერაკოტის, ხან მარმარილოს, ხანაც ბრინჯაოს ფაქტურის მიცემით.
რუსუდან გაჩეჩილაძე არაანგაჟირებულ მოქანდაკეთა რიცხვს მიეკუთვნება. ნიჭის უდავო აღიარების მიუხედავად, მას არასდროს ჰქონია მსხვილი დაკვეთა მონუმენტური ფორმის შესაქმნელად. შესაბამისად, მისი არც ერთი ქანდაკება ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში არ დგას. მოქანდაკე იფარგლებოდა მცირე პლასტიკის კამერული ჟანრით: ქმნიდა პორტრეტებსა და კომპოზიციებს. პარალელურად ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს აკადემიურ ხატვას ასწავლიდა ხატვის ფაკულტეტზე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
გაჩეჩილაძის მიერ ბრინჯაოში ჩამოსხმული საეტაპო ქანდაკებები 1990-იანი წლების დასასრულს ფერად ლითონებზე ნადირობის კამპანიებმა შეიწირა. დღეს მისი საქანდაკო შემოქმედებიდან მხოლოდ თაბაშირის ვარიანტებია დარჩენილი. მათგან ნაწილი ოსტატურადაა დაფერილი ან დაჟანგული. ძარცვას გადარჩენილი ბრინჯაოს ერთადერთი ქანდაკება – ბესიკ ხარანაულის პორტრეტის პირველი ვარიანტი – ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში ინახება.
პედაგოგიური საქმიანობის დასრულების შემდგომ უკვე ახალ მილენიუმში რუსუდან გაჩეჩილაძემ მოდერნისტულ ქანდაკებათა ესკიზების სერიები შექმნა. მათი უმეტესობისთვის ოთხმოც წელს გადაცილებულმა მხატვარმა გამოიყენა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, გაზარდა ნამუშევართა მასშტაბი და მინიმალისტისთვის დამახასიათებელი უძუნწესი საშუალებებით – ცარცით, კალმითა და ფანქრით, ისინი ტონირებულ ქაღალდზე გადაიტანა.
გაჩეჩილაძის გრაფიკული შემოქმედების მთავარი მოტივებია ათლეტები, მეომრები, ცხენიდან გადმოვარდნილი მხედრები, წამოწოლილი ფიგურები, „ქუჩის მადონები“, ომის მემორიალები, აბსტრაქციები და ანგელოზები; ქანდაკებაში კი – პორტრეტი და ალეგორიული კომპოზიციები.
რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედება არაა მრავალრიცხოვანი: ოცდაათამდე სკულპტურული პორტრეტი და კომპოზიცია; ასორმოცდაათამდე – გრაფიკული ნამუშევარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი რეტროსპექტული ექსპოზიციაა ეროვნულ გალერეაში, რომელიც აერთიანებს მის ქანდაკებებსა და შემოქმედების ბოლო პერიოდის ესკიზებს. გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ – ფარგლებში გამოიცა ალბომი „რუსუდან გაჩეჩილაძე – უცნობი მოდერნისტი“.
კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდებისთვის 2022 წლის დეკემბერში რუსუდან გაჩეჩილაძის სამი ქანდაკება: ოთარ ჭილაძის პორტრეტი, მურაზ ჯაფარიძის პორტრეტი და დათო ჯმუხაძის პორტრეტი შეიძინა.
გამოფენა 4 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები