გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის და ექსპორტის მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების შედეგია, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გაზრდილმა კომპონენტებმაც შეუწყო მნიშვნელოვნად ხელი, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ეკონომისტები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან ერთად, უკვე მეორე წლის მაღალი ზრდის დადებით ეფექტსაც ხედავენ, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტის სარეკორდო – 6700 აშშ დოლარშია ასახული.
„2022 წლის დეკემბერში ექსპორტის სარეკორდო -32.5%-იანი ზრდა და რეკორდული მაჩვენებელი 555.8 მლნ. აშშ. დოლარი, რაც აღემატება ყველა წინა თვეების მაჩვენებელთან ერთად, იმპორტის 31.2 პროცენტიან მაჩვენებელსაც, რაც თავის მხრივ 2022 წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ინდიკატორად უნდა მივიჩნიოთ!
რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, 2022 წელს ექსპორტის წლიურმა მოცულობამ ასევე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2022 წელს ექსპორტი 31.8 პროცენტით გაიზარდა და 5,592.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ბოლო ორი წლის ექსპორტის ზრდის მზარდ დინამიკაზე მიუთითებს, ის ფაქტორიც, რომ 2022 წლის მაჩვენებელი წინა პანდემიურ 2019 წლის მაჩვენებელს მთელი 47 %-ით აღემატება!
შესაბამისად, მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს სავაჭრო ბრუნვაც, რაც 19,043.0 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, და წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.8 პროცენტით მეტია და 43 %-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელსაც! გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი არის შედეგი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის და ექსპორტის მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების შედეგი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გაზრდილმა კომპონენტებმაც შეუწყო მნიშვნელოვნად ხელი.
2022 წელს სავაჭრო დეფიციტმა 7,857.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტმა 41.5 % შეადგინა, რაც მართალია, 1.7 %-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, თუმცა ეკონომიკური აქტივობის და გაზრდილი მოხმარების მაჩვენებელია.
ჩვენ, ექსპორტის დივერსიფიკაციასთან ერთად, ვხედავთ უკვე მეორე წლის მაღალი ზრდის დადებით ეფექტსაც, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტის ასევე სარეკორდო 6700 აშშ დოლარშია ასახული და თუ მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის კარგ და მაღალ პერსპექტივასაც გავითვალისწინებთ, 8000 აშშ დოლარს მიუახლოვდება!
შედარებისათვის, საშუალო ევროპული დონე 15 000 აშშ დოლარს შეადგენს და ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა ამ მაჩვენებელს არა თუ 2030 წელს, არამედ უფრო ადრე, 2027 წელს მივაღწიოთ, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსია!
აქვე განვმარტავ, რომ სწრაფი ზრდის პირობებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით როგორც ცხოვრების დონის და კეთილდღეობის მაჩვენებელი აისახება პირველ რიგში გაზრდილ საშუალო ხელფასზე და დასაქმებაზე.
ჩვენ ვხედავთ, რომ გასული წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595.0 ლარი შეადგინა, ხოლო ბიზნესსექტორში 17.8%-ით გაიზარდა და 1714.2 ლარი შეადგინა, 2019 წელთან შედარებით 32 %-ით მეტია!
ამასთან, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია თვით წინა პანდემიურ 2019 წელთან შედარებითაც კი!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.