გიორგი კალანდია: დღეს სამუშაო კაბინეტში 86 წლის საოცრად სანდომიანი ქალბატონი მესტუმრა – მუზეუმისთვის საჩუქარი მოიტანა – ბაბუის იორდანე ჩუბინიძის დიდებული ვერცხლის ქამარი
დღეს სამუშაო კაბინეტში 86 წლის საოცრად სანდომიანი ქალბატონი მესტუმრა – ეს შესანიშნავი ქალბატონი: თინა ჩუბინიძეა, ის დღეს გვეწვია, ხელდამშვენებული მოვიდა, მუზეუმისთვის საჩუქარი მოიტანა – ბაბუის იორდანე ჩუბინიძის დიდებული ვერცხლის ქამარი, სულ მოოქრული, ჩახლართულ-ჩაგვირისტებული, ბექა და ბეშქენ ოპიზრებისთვის დამახასიათებელი ბრწყინვალე ჩუქურთმებით გაფორმებული, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კალანდია აღნიშნავს, თინა ჩუბინიძემ ბაბუის ანდერძი მაინც შეასრულა, საქართველოს წინაპრების საგანძური სამუდამოდ შეუნახა.
„დღეს სამუშაო კაბინეტში 86 წლის საოცრად სანდომიანი ქალბატონი მესტუმრა, მისი არსებობის შესახებ წუხანდელიდან ვიცოდი, იმედის პროგრამების ხელმძღვანელის მაია ჩიგოშვილის ახლობელი ყოფილა…. მაიამ დამირეკა და მითხრა გეძებსო… ჰოდა ეს შესანიშნავი ქალბატონი: თინა ჩუბინიძეა, ის დღეს გვეწვია, ხელდამშვენებული მოვიდა, მუზეუმისთვის საჩუქარი მოიტანა – ბაბუის იორდანე ჩუბინიძის დიდებული ვერცხლის ქამარი, სულ მოოქრული, ჩახლართულ-ჩაგვირისტებული, ბექა და ბეშქენ ოპიზრებისთვის დამახასიათებელი ბრწყინვალე ჩუქურთმებით გაფორმებული…ძალიან რომ გაუჭირდა, ძმამ რომ ფეხი მოიტეხა და წამლის ფული ფრიად დასჭირდა, ქამარი მაინც არაფრით არ გაყიდა, საჭირო მედიკამენტებს ბარებსა და რესტორნებში ჩაბარებული ძველებური ფოტოების წყალობით აგროვებდა… ბაბუის ანდერძი მაინც შეასრულა, საქართველოს წინაპრების საგანძური სამუდამოდ შეუნახა… არადა შეეძლო გული სამშობლოზე აეყარა, გაბრაზებულიყო და ხელი ყველაფერზე ჩაექნია… 2007 წელს ის ხომ სამსახურიდან გამოაგდეს, საუკეთესო სპეციალისტი, რომელმაც განათლების სამინისტროში 39 წელს იმსახურა თავისსავე გამწვანებულ ეზოში აღარ შეუშვეს… „ხმა არ ამომიღია, უკან უსიტყვოდ გამოვბრუნდი, ოღონდ ეგაა გზაში ტირილი წამსკდაო“…. მიუხედავად ყველაფრისა სამშობლოსადმი სიყვარული წუთით არ განელებია, ამიტომ „იორდანე ბაბუს“ ხსოვნა პირწმინდად შეინახა და ქართული ხელოვნების დიდებული ნიმუში ქართულ სახელმწიფოს სამუდამოდ და უსასყიდლოდ გადასცა.. საჩუქრებს შორის არაერთი ნივთია, მათ შორისაა ბებიის ლეჩაქი, რომლის კიდეებში მთებში დაკრეფილ იებს ართავდნენ და დედის მიერ ხელით ნაქარგი ცხვირსახოცი („ასეთი ცხვირსახოცების გაყიდვით დედამ ომის გაჭირვება გამოგვატარაო, ბოლო ცალი დამრჩა და ისიც თქვენ მოგიტანეთო“- მითხრა საუბრის დროს) … ქალბატონმა თინამ მუზეუმს საგანძური ოჯახის წევრების: ნინო და გიორგი ჩუბინიძეების სახელით გადასცა… მე რაღა უნდა ვთქვა?! იმ მუზეუმის დირექტორმა, რომელიც ასეთი დიდი ნდობის და პატივისცემის მოწმე უკვე მერამდენეჯერ გავხდი… ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანების გაცნობის საშუალება მომეცა! ასეთ პატრიოტებზე იდგა ჩვენი სამშობლო! ამიტომ საქართველოს ვერავინ ვერასოდეს ვერ დაამარცხებს!“, – წერს გიორგი კალანდია Facebook-ზე.