„მაყურებლები“ – კერამიკოს ლალი ქუთათელაძის გამოფენა გაიხსნება
13 იანვარს, 18:00 საათზე, „დედიკას გალერეაში“ კერამიკოს ლალი ქუთათელაძის გამოფენა – „მაყურებლები“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გაკეთებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში – პანდემიიდან ომამდე (2020-2022). ამ პერიოდში დაიწყო ცოცხალი კონტაქტების შეზღუდვა, გაიზარდა ვირტუალური კომუნიკაციის როლი და, ამა თუ იმ მიზეზების გამო, საზოგადოება გადავიდა პოლარიზებული დამკვირვებლის როლში.
„არტისტი მხატვრული ფორმით ასახავს გარდამავალ რეალობას ვირტუალურსა და რეალურ ცხოვრებას შორის, სადაც ადამიანი, აღნიშნულ სერიაში – ე.წ. პერსონაჟი, მაყურებლის როლში მოიაზრება, რომლის შესაძლებლობები სადავო ან სათუოა, რადგან ჩნდება კითხვა: შეუძლია ვირტუალურ ცხოვრებას რამის შეცვლა? დამთვალიერებლისთვის კი საინტერესო ხდება მეორეული ფონის აღქმა და გააზრება, სადაც მაყურებელი უყურებს მაყურებლის, როგორც საკუთარის სიმბოლურ სახეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.