კულტურის სამინისტრო დრამატურგ გურამ ბათიაშვილს 85 წლის იუბილეს ულოცავს

კულტურის სამინისტრო დრამატურგ გურამ ბათიაშვილს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
„გურამ ბათიაშვილი გამორჩეული დრამატურგია, რომლის პიესებიც არაერთხელ დაუდგამთ საქართველოსა და უცხოეთში. მათ ავტორს პრემიებიც მიუღია და სახელმწიფო ჯილდოებიც.
აღსანიშნავია მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა – როგორც მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის წევრისა თუ საქართველო-ისრაელის მეგობრობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით. 34 წლის განმავლობაში სახელოვანი ტრადიციების მქონე ჟურნალის – „თეატრი და ცხოვრება“ – რედაქტორობა.
„ქართველი ებრაელი“ – თუ ვინმე სრულყოფილად განასახიერებს ამ უნიკალური სინტაგმის ნამდვილ შინაარსს, მათ შორის ერთ-ერთი პირველი – გურამ ბათიაშვილია.
ამის საბუთად მისი ორი პიესის დასახელებაც იკმარებს: „ვალი“, რომელიც ასახავს, თუ რას ნიშნავდა საქართველო ქართველი ებრაელისთვის და „1832 წელი“ – მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ განიცდიდა იგი თავისი მეორე სამშობლოს ტრაგიკულ ბედსა და ისტორიას.
სასიხარულოა, რომ 85 წლის დრამატურგი დღესაც აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს იუბილეს ბატონ გურამ ბათიაშვილს, დღეგრძელობასა და კვლავაც ენერგიულ შემოქმედებით ცხოვრებას უსურვებს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები