დავით მათიკაშვილი – ნოდარ ყარალაშვილის განცხადებაზე: თუ ვინმეს ექნება სურვილი, სამშობლოს წინააღმდეგ რაიმე სახის დესტაბილიზაცია განახორციელოს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს
“თუ ვინმეს ექნება სურვილი, სამშობლოს წინააღმდეგ რაიმე სახის დესტაბილიზაცია განახორციელოს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს”,- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი უკრაინაში მებრძოლი “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერის, ნოდარ ყარალაშვილის ვიდეომიმართვას.
“იყო დრო, როდესაც დესტაბილიზაციის სურვილების გამხმოვანებელი სააკაშვილი იყო და საზოგადოებას კარგად ახსოვს არჩევნების პერიოდში, როგორ მოდიოდა ის ხან წყლით და ხან მიწით. შემდეგ რომ ჩაუვარდათ ეს დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმა და სააკაშვილი დააპატიმრეს, ახლა ისევ გარედან მიმართეს ნაცნობ ხერხს და ახლა ისევ გარედან ცდილობენ დესტაბილიზაციის რაღაცა კერების გაჩენას, ისმის იქიდან მუქარის განცხადებები საკუთარი სამშობლოს მიმართ.
რადგანაც ამ დესტაბილიზაციის სურვილი მუდმივად აქვს ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, მინდა ყველას შევახსენო, რაც ისედაც საქართველოს კონსტიტუციაში და სისხლის სამართლის კოდექსში, თუკი ვინმეს ექნება იმის სურვილი, რომ საკუთარი ქვეყნის, ხალხის ნების, სამშობლოს წინააღმდეგ რაიმე სახის დესტაბილიზაცია განახორციელოს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ნოდარ ყარალაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს: „თუ გინდათ, მე ჩამოვალ სადაც გინდათ, ოღონდ საქართველოში არა. საქართველოში მე ასე არ შემოვალ, საქართველოში შემოვალ ტანკებით, ტანკებით შემოვალ აფხაზეთის მხრიდან. იმიტომ გითხარით, გადაგივლით, დრო მოვა, გადაგივლით”.