კახა კალაძე: სისტემური დანაშაული იყო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე აკეთებდა

“სისტემური დანაშაული იყო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე აკეთებდა”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა გოგოლაძის კითხვას: „მაშინ, როდესაც თქვენი მერობის პერიოდში სისტემის სისტემამ დაუშვა, რომ პროცესის ყველა მონაწილე სუბიექტმა დაუშვა შეცდომა და მიზანმიმართული დანაშაული, სად ხედავთ თქვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და რა გააკეთეთ, რომ მსგავსი ტრაგედიები და შეცდომები გამოირიცხოს“.

კალაძის თქმით, სისტემური დანაშაული იყო ის, რაც ციხეებში ხდებოდა.

„ქალბატონო ანა, ვფიქრობ, ცოტა გადამეტებით მოგდით შეფასება. მიზანმიმართული დანაშაული, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და ალბათ უკეთესი იქნება, შეარჩიოთ სიტყვები, შინაარსი. რაც შეეხება სისტემურ დანაშაულს, მე გეტყვით, რა იყო. სისტემური დანაშაული იყო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა 2012 წლამდე. ეს იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. სისტემური დანაშაული იყო ის, რაც ხდებოდა ციხეებში. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ პატიმრების მიმართ. სისტემური დანაშაული იყო, როდესაც ადეიშვილის კაბინეტში იბარებდით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. სისტემური დანაშაული იყო ის, როდესაც ციხეებიდან გამოგყავდათ დაკავებული ადამიანები და ახდენდით მათი ქონების გადაფორმებას. სისტემური დანაშაული იყო, როდესაც მშობლებს ახალგაზრდებს უხოცავდით ქუჩაში, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. თქვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“, არ გაქვთ არანაირი მორალური უფლება, ისაუბროთ ამ ყველაფერზე. რაც შეეხება იმ უმძიმეს ტრაგედიას, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ვინც მიცნობს, ძალიან კარგად ხვდება, რასაც ვამბობ. თუკი ოდნავ მაინც, რაიმე გადაცდომა იქნება ჩემი მხრიდან, მე მზად ვარ, ავიღო ეს პასუხისმგებლობა, დავტოვო თანამდებობა და პასუხი ვაგო კანონის წინაშე. დანარჩენს ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები