ზურაბ აბაშიძე: „მიხეილ სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი, ისევე როგორც აგეს პასუხი ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმა“
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ სავალალო მდგომარეობაშია.
„მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პოლიტიკაში მოვიდა, პრობლემები რომელიც ახლავს მის პარტიას და მთელ ქვეყანას, ამ ადამიანიდან არის გამოწვეული. დღეს რომ გვეუბნებიან, რომ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი, მაშინ პირდაპირ ვთქვათ: ესე იგი პუტინმა ჩასვა იმ კონტეინერში რძის ნაწარმებთან ერთად და გამოაგზავნა საქართველოში? მისი დავალებით არის შემოსული მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? პუტინის დავალებით მოქმედებდა, რადგან მან გადაწყვიტა სწორედ კანონდარღვევით დაბრუნებულიყო საქართველოში, იცოდა, რომ ამისთვის პასუხი უნდა ეგო. მის მიმართ გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება, ასევე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საავადმყოფოში მისი ყოფნის პირობებსაც შეეხო. როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, საქართველოში არ ეგულება სხვა პატიმარი, რომელიც ამგვარ პირობებში იხდის სასჯელს და რომელსაც ამდენი მნახველი ჰყავს. „ჩვენ ყველამ ვნახეთ, სააკაშვილი რა პირობებში იხდის სასჯელს. რომელ პატიმარს უზის დედა გვერდით, მითხარით ასეთი პატიმარი საქართველოში. პატიმარი, რომელსაც 1500 სტუმარი ჰყავდა, არ არსებობს ასეთი პატიმარი.
სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. მიხეილ სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს კანონს, აგოს პასუხი, ისევე როგორც აგეს პასუხი ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმა,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.