„დიდი ფერმების მიერ წარმოებულ, მაღაზიებში გაყიდულ კვერცხში ანტიმიკრობული პრეპარატების შემცველობის შემოწმებას ვგეგმავთ“ – ვახტანგ კობალაძე

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ გეგმავს, მაღაზიებში გაყიდულ კვერცხში ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების შემცველობის შესამოწმებლად ლაბორატორიული კვლევა ჩაატაროს”, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, წლების მანძილზე ქართულ მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენება საკმაოდ ფართო ხასიათს ატარებდა. როგორც კობალაძემ განმარტა, როდესაც ადამიანი ანტიმიკრობული ნივთიერებებით გაჯერებული ცხოველისგან/ფრინველისგან მიღებულ ხორცს, რძეს, კვერცხს მოიხმარს, ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმშიც გადადის.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა – Momxmarebeli.ge კვერცხში ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების შემცველობის შესამოწმებლად კამპანიას აწარმოებს. ეს ნივთიერებები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველების დაავადებების სამკურნალოდ, ასევე, მათი პრევენციისთვის გამოიყენება. როდესაც ადამიანი ამ ნივთიერებებით გაჯერებული ცხოველისგან/ფრინველისგან მიღებულ ხორცს, რძეს, კვერცხს მოიხმარს, ეს ნივთიერებები შემდეგ ადამიანის ორგანიზმშიც გადადის.

თანამედროვე მედიცინა ანტიბიოტიკების, ანტიმიკრობული პრეპარატების გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. მაგრამ, ამავე დროს, ამ პრეპარატებს ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი თვისება აქვს – შეჩვევა. თუ ადამიანი აღნიშნულ პრეპარატებს სისტემატურად იღებს, მაშინ მისი ორგანიზმი მას ეჩვევა და გადამწყვეტ სიტუაციაში, როდესაც ეს ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაა აუცილებელი, მასზე აღარ მოქმედებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ცნობით, მხოლოდ 2019 წელს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის და ზოგადად ანტიმიკრობული რეზისტენტულობის შედეგად მსოფლიოში 1 მილიონ 270 000 ადამიანი გარდაიცვალა. ანტიმიკრობული რეზისტენტულობის პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევადაა აღიარებული, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა საქართველოში დგას. სამწუხაროდ, წლების მანძილზე ქართულ მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენება საკმაოდ ფართო ხასიათს ატარებდა. მაგალითად, რაც ჩვენთვის ცნობილია, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2017 წელს ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, ანტიმიკრობული პრეპარატების შემცველობაზე 320 ცხოველი გამოიკვლიეს. აკრძალული ანტიმიკრობული პრეპარატები ყველა ცხოველში აღმოჩნდა. არის პრეპარატების ნაწილი, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით საეროდ აკრძალულია, მათ სურსათი არ უნდა შეიცავდეს. ასევე, არის პრეპარატები, რომლებსაც შეიძლება, სურსათი შეიცავდეს, ოღონდ მცირე, გარკვეული ოდენობით. ეს ოდენობები კანონმდებლითაა განსაზღვრული. მართალია, „სურსათის ეროვნული სააგენტო“ კონტროლს, კვლევებს აწარმოებს, მაგრამ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. მაგალითისთვის, 2021 წელს, 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ისეთი ფართო მოხმარების პროდუქტის, როგორიც კვერცხია, სააგენტოს მიერ მხოლოდ 20 ნიმუში იქნა შემოწმებული. აქედან დიდი ფერმების პროდუქტი სულ რამდენიმე იყო, რომელიც ყველა სუპერმარკეტსა და ბევრ მაღაზიაში გვხვდება და ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი მოიხმარს.

ჩვენ, რიგითმა მომხმარებლებმა არ ვიცით, კვერცხი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, რეალურად, რამდენად უვნებელია, რამდენად შეიცავს ანტიმიკრობულ პრეპარატებს და რა ოდენობით. გარდა ამისა, აღმოჩნდა ისიც, რომ „სურსათის ეროვნული სააგენტო“ ანტიმიკრობული პრეპარატების ნარჩენებზე კვლევის შედეგებს, სამწუხაროდ, სრულად არ აქვეყნებდა, 2019 -2021 წლის მონაცემები ჩვენთვის ბოლომდე ცნობილი არაა. თვეზე მეტია, ინფორმაცია გამოთხოვილი გვაქვს, სამწუხაროდ, ზუსტი მონაცემები არ მიგვიღია. მე არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ ეჭვის საფუძველი ჩნდება, რომ საქმე რაღაცაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, კვერცხი ანტიმიკრობული პრეპარატების შემცველობაზე შეამოწმოს. სხვა ცხოველური საკვებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერს ერთბაშად ვერ შევამოწმებთ“, – განაცხადა კობალაძემ.

მისი თქმით, ორგანიზაცია დიდი ფერმების მიერ წარმოებული კვერცხის შემოწმებას გეგმავს. როგორც კობალაძემ აღნიშნა, ზოგადი სურათის მისაღებად 15 ნიმუშის 3 პრეპარატზე შემოწმება ოპტიმალური იქნება.

ჩვენი ორგანიზაცია სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ კვლევებს წლების მანძილზე ატარებს. ჩვენი მომხარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ფარგლებში, მაღაზიაში პროდუქტს ვყიდულობთ, ჩვეულებრივ, როგორც რიგითი მომხმარებლები ყიდულობენ, ლაბორატორიებში მიგვაქვს და შემდეგ კვლევის შედეგებს ვაქვეყნებთ. თუ პროდუქტში რაიმე დარღვევა გამოვლინდა, ეს ინფორმაცია იმ მეწარმეს ეგზავნება, ვის პროდუქტშიც გარკვეული დარღვევა აღმოჩნდა, სურსათთან დაკავშირებით ინფორმაცია „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ ეგზავნება, რომელიც მაკონტროლებელი ორგანოა. შემდეგ სააგენტო თავის კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს ახდენს, ესაა მავნე პროდუქტის ბაზრიდან ამოღება, დაჯარიმება, დაბინძურების წყაროების კვლევა და ა.შ. ჩვენმა ორგანიზაციამ 2011 წლიდან მოყოლებული, ჯამურად, 100 -ზე მეტი სხვადასხვა მავნე პროდუქტი გამოავლინა და პრობლემების მოგვარებას, ამ მავნე პროდუქტის ბაზრიდან ამოღებას ხელი შეუწყო. ჩვენი შედეგები ჩვენს საიტზე, Momxmarebeli.ge-ზე ქვეყნდება და ნებისმიერ ადამიანს საშუალება აქვს, გაეცნოს, უფრო ინფორმირებული იყოს, თუ ვის პროდუქციას ენდოს, რა საფრთხეები არსებობს და სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციის შეძენისა და მოხმარებისას მეტად იყოს დაცული. ჩვენი კვლევები, ძირითადად, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება, თუმცა, თანხები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. აქედან გამომდინარე, პერიოდულად კამპანიებს ვაცხადებთ ხოლმე, როდესაც მოქალაქეებს ამ ინიციატივაში ჩართვას ვთავაზობთ, შემოწირულობებს ვიღებთ, სადამდეც ეს თანხები გაგვწვდება ლაბორატორიულ შემოწმებებს ვაკეთებთ. ამჯერადაც ასეთი ინიციატივა გვაქვს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ 15 პროდუქტის შემოწმება ოპტიმალური იქნება. ეს იქნება დიდი ფერმების მიერ წარმოებული კვერცხი. ეს რაოდენობა ზოგადი სურათის მისაღებად ოპტიმალური იქნება. პროდუქციას 3 სხვადასხვა პრეპარატზე შევამოწმებთ. ამისთვის ჯამში, დაახლოებით, 5 500 ლარია საჭირო. ჯერჯერობით, შემოწირულობებით შეგროვებული 1 600 ლარი გვაქვს და დანარჩენი თანხის მოძიების პროცესში ვართ. ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც აინტერესებს, რას ჭამს, მისი შვილები რით იკვებებიან, მოვუწოდებთ, ამ საქმისთვის თუნდაც მცირე თანხა გაიღოს. Momxmarebeli.ge-ზე პირველივე სტატიაში საბანკო ანგარიშის ნომრებია მოცემული, ასევე თანხის შემოწირვა ონლაინაა შესაძლებელი, იქვე შესაბამისი ბმულია მითითებული. ჩვენს საიტზე ყველა შემოწირულობა სახელისა და გვარის დასახელებით ქვეყნდება, ასევე ის, თუ რაში დაიხარჯა ეს თანხები, შესაბამისი ქვითრებით. ერთად დავიცვათ ჩვენი სურსათის უვნებლობა“, – განაცხადა კობალაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები