“კარგია, რომ ევროკომისია, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები საქართველოს ცალსახად და ძლიერად უჭერენ მხარს, აფასებენ პოზიტიურად იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან მცდელობებია, რომ როგორმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება მოხდეს.
„ევროპარლამენტში 200-მდე დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას. ასევე, მოხდა უპრეცედენტო რამ, იმ ადამიანმაც კი, ვინც შეიმუშავა ანგარიშის პროექტი და ვინც ეს რეზოლუცია დააინიცირა ევროპარლამენტში, არ დაუჭირა მხარი ამ დოკუმენტს. ეს თავისთავად ადასტურებს ერთადერთს, არის უსაფუძვლო ზეწოლა, მცდელობები, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება და დაბლოკვა. ამას აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტში, თუმცა,კარგია, რომ ევროკომისია, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები საქართველოს ცალსახად და ძლიერად უჭერენ მხარს, აფასებენ პოზიტიურად იმ პროგრესს, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისში, ევროკომისრის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც მან თქვა, რომ საქართველო რეფორმებში მიდის სწორი მიმართულებით და საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა თალაკვაძემ.