გივი მიქანაძე: 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს
“12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს იმის მიუხედავად, რომ სამმა პარტიამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ბოიკოტი და საბოტაჟი გამოუცხადა ამ პროცესს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკას, რომ ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციას არ ასრულებს.
მიქანაძის თქმით, სამუშაო ჯგუფი ვენეციის კომისიის დასკვნების მოლოდინშია.
„საკმაოდ ბევრი მიმართულება გვაქვს შესრულებული, მათ შორის, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე პარლამენტმა რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები მიიღო, ასევე, ევროსასამართლოს პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებიც, პროცესის ნაწილი მიმდინარეა და ნაწილზე ველოდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დასკვნებს, ვენეციის კომისიამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნები დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან და მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით. სანამ ეს დასკვნები არ მოვა, ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს. საარჩევნო მიმართულებით იცით, რომ მივიღეთ წინასწარი დასკვნის პროექტი, რომელთან დაკავშირებითაც ხვალ ჩანიშნული მაქვს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და ამ დასკვნას დეტალურად განვიხილავთ, ზეგ უკვე გვექნება საშუალება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე წარვადგინოთ მეორე მოსმენის პაკეტი, რომელიც ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს. მიმდინარე წლის ბოლომდე საარჩევნო კანონმდებლობა სრულად იქნება მიღებული”, – განაცხადა მიქანაძემ.