ალექსანდრე დარახველიძემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

“მოწვეულ სტუმრებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში – ნიკო თათულაშვილმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილემ – თამარ საბედაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ ბოლო წლების განმავლობაში ამავე დეპარტამენტის მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კი შეხვედრის მონაწილეებთან მსგავსი კატეგორიის ფაქტებზე სამართალწარმოებისას დაიდენტიფიცირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაში მონაწილეებმა, ასევე ინფორმაცია მიიღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და სხვა, თემატური სამომავლო გეგმების შესახებ.

აღნიშნული შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, შვედეთის მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ – ფარგლებში გაიმართა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და სხვ.”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები