საქართველოს აქვს პროგრესი, საქართველო იმსახურებს და მიიღებს სტატუსს, რომელიც ეკუთვნის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიაში და კიდევ არაერთი ვიზიტი აქვს დაგეგმილი.
„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტები, მათ შორის ბრიუსელსა და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში. ჩვენი თავდაცვის მინისტრი პრაქტიკულად ათობით საერთაშორისო მაღალი დონის ფორმატში მონაწილეობდა, მათ შორის უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენი საპარლამენტო ორგანოს ხელმძღვანელი, ბატონი შალვა პაპუაშვილი ახლაც იმყოფება გერმანიაში საერთაშორისო ვიზიტით. მანამდე ის იყო ესპანეთსა და პორტუგალიაში, აქედან მიემგზავრება ნიდერლანდებში და კიდევ არაერთი ვიზიტი აქვს დაგეგმილი, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს ატარებს და მთელ ამ ინფორმაციას უზიარებს პარტნიორებს და იქიდან ჩვენ გვაქვს მხარდამჭერი სიგნალები. მეც გახლდით მასთან ერთად ყირიმის პლატფორმაზე და ჩვენ იქაც ძლიერი მხარდაჭერა მოვისმინეთ. შეგახსენებთ კანცლერ შოლცის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის საჭირო, გარდაუვალი ლისაბონიდან თბილისის ჩათვლით. პირდაპირ თბილისია მოხსენიებული გაფართოების კონტექსტში. მესმის, რომ ბევრი სპეკულაციაა, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს აქვს პროგრესი, საქართველო იმსახურებს და მიიღებს სტატუსს, რომელიც ეკუთვნის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.