ოთარ ანგურიძე: ტურიზმში 200 მლნ ლარის ჩადებით, მთავრობა აკეთებს აქცენტს, რომ ტურისტს, რომელიც აქ ჩამოვა, უფრო მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზონ

ტურიზმის მიმართულებით ჩადებული 200 მილიონი ლარი, რაც ახალი ლოკაციების განვითარებას გულისხმობს, ალბათ, განპირობებული იყო მიმდინარე წელს ტურიზმის ძალიან კარგი აღდგენის გრაფიკით, როდესაც 2019 წელზე უკეთესი მონაცემები დაფიქსირდა, – ასე აფასებს ეკონომისტი, ოთარ ანგურიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ტურიზმის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 2023 წლის ბიუჯეტიდან 200 მილიონი გამოყოფა.

როგორც ანგურიძემ “კვირას” განუცხადა, როგორც ჩანს, მთავრობა აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ტურისტისთვის, რომელიც აქ ჩამოვა, უფრო მრავალფეროვანი მომსახურება იყოს შეთავაზებული.

2023 წლის ბიუჯეტი საკმაოდ პოზიტიურ პარამეტრებზეა გათვლილი, იმდენად – რამდენადაც არის საკმაოდ დიდი ზრდა. ეს განპირობებულია არა მარტო ეკონომიკური ზრდით, არამედ – იმ მაკროეკონომიკური პარამეტრების მასშტაბური ცვლილებით, იგივე საგარეო ვაჭრობის ნაწილში, როდესაც ექსპორტს აქვს რეკორდული რიცხვები დაფიქსირებული, ასევე, იმპორტის ნაწილში, რადგან იმპორტის ზრდა ნიშნავს ქვეყანაში მოხმარების ზრდას.
შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ტურიზმმა განიცადა ყველაზე სწრაფი აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში.
ამ ყველაფერმა მთავრობას მისცა შესაძლებლობა, მაღალი ზრდის ფონზე, დაეგეგმა მომავალი წლის ბიუჯეტი. თუნდაც ტურიზმის მიმართულებით ჩადებული 200 მილიონი ლარი, რაც ახალი ლოკაციების განვითარებას გულისხმობს, ესეც ალბათ განპირობებული იყო მიმდინარე წელს ტურიზმის ძალიან კარგი აღდგენის გრაფიკით, როდესაც 2019 წელზე უკეთესი მონაცემები დაფიქსირდა.
როგორც ჩანს, მთავრობა აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ტურისტისთვის, რომელიც აქ ჩამოვა, უფრო მრავალფეროვანი მომსახურება იყოს შეთავაზებული.
როდესაც რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც აქვს სტაბილურობა და მშვიდობა, ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის ქვეყნის ტურისტულ მნიშვნელობას. ამიტომ, ახალი ლოკაციების გაჩენაც, რა თქმა უნდა, ტურისტს უბიძგებს, რომ უფრო მეტი ფული დახარჯოს. ეს კი იწვევს ლარის კურსის გამყარებას, ეკონომიკის ზრდას.

რაც ყველაზე მთავარია, ტურიზმი არის უდიდესი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში, პრაქტიკულად – ყველა რეგიონი ჩართულია ამ სფეროში და 200 მილიონი საკმაოდ მოცულობითი თანხაა ახალი ლოკაციების მოსაწყობად იმ ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის განვითარებული ტურიზმის სექტორი”, – თქვა ანგურიძემ.

პარლამენტი 2023 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვერსიას განიხილავს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის აღდგენა და მისი განვითარებაა.
პრემიერმინისტრის ინიციატივით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები