“ჩინეთთან ურთიერთობის ე.წ. ოქროს ხანა დასრულდა”- რიში სუნაკი
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ჩინეთთან ურთიერთობის „ოქროს ხანა“ დასრულდა და აღნიშნა, რომ პეკინის მხრიდან სისტემური გამოწვევა ბრიტანეთის ინტერესებისა და ღირებულებების მიმართ სულ უფრო მწვავე ხდება.
ამის შესახებ პრემიერმა გამოსვლაში თქვა, რომელსაც “ამერიკის ხმა” ციტირებს.
სუნაკის თქმით, ჩინეთის მიმართ დიდი ბრიტანეთის მიდგომა უნდა შეიცვალოს და პეკინი „შეგნებულად იბრძვის გლობალური გავლენისთვის, სახელმწიფო ძალაუფლების ყველა ბერკეტის გამოყენებით“.
„მოდით, განვმარტოთ: დასრულდა ეგრეთ წოდებული „ოქროს ხანა“, ისევე როგორც გულუბრყვილო იდეა, რომ ვაჭრობა გამოიწვევს სოციალურ და პოლიტიკურ რეფორმებს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩინეთი წარმოადგენს სისტემურ გამოწვევას ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს, გამოწვევა, რომელიც უფრო მწვავე ხდება, რადგან პეკინი კიდევ უფრო დიდი ავტორიტარიზმისკენ მიიწევს.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ უგულებელვყოთ ჩინეთის მნიშვნელობა მსოფლიო საქმეებში – გლობალური ეკონომიკური სტაბილურობისთვის ან ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ეს ესმით შეერთებულ შტატებს, კანადას, ავსტრალიას, იაპონიას და ბევრ სხვასაც“, – დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.