ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორებს გაუგზავნის

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ ისინი უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორებს გადასცემენ, რათა ქვეყანას ზამთრის გადალახვაში დაეხმარონ.

საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 100 მაღალი სიმძლავრის გენერატორს გაუგზავნის.

„რუსეთს სურს, ზამთარი ომის იარაღად აქციოს“, – წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა „ტვიტერზე“.

„შეგახსენებთ: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის დანაშაულია“, – დასძინა მან.

პრაღის მერმა, ზდენეკ ჰრიბმა განაცხადა, რომ ჩეხეთი ასევე გადასცემს ელექტროენერგიის გენერატორებს უკრაინას.

მისი თქმით, პაკეტში შედის 626 გამათბობელი, 400 კიევისთვის და 226 მიკოლაევისთვის, რომლებიც მათ სხვა აღჭურვილობასთან ერთად გაეგზავნება.

ამასთან, ლატვიის ელჩმა უკრაინაში, ალექსანდრე მიშჩენკომ „ფეისბუქზე“ განაცხადა, რომ რიგა პარტნიორობას გაუწევს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რათა კიევს ელექტრო გენერატორები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ევროპარლამენტი კამპანიის „იმედის გენერატორები“ ფარგლებში უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა რამდენიმე ქალაქის, მათ შორის კიევის ელექტრო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა მათ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები