“ვერ წავედი წინ არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით, არამედ – დნესტრისპირეთში, აფხაზეთში; დროა ახალი მიდგომებისთვის” – ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა.

ამის შესახებ მან Spiegel-თან ინტერვიუში თქვა.

„ჩემი სურვილი იყო, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მშვიდობა ყოფილიყო, ამიტომ, უკრაინის თემატიკაზე ბევრი მუშაობა მიწევდა. მაგრამ ეს შეჭრა არ იყო სიურპრიზი. მინსკის შეთანხმება გაქარწყლდა. 2021 წლის ზაფხულში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ მსურდა პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონსა და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად უკრაინის საკითხის განსახილველად დამოუკიდებელი ევროპული ფორმატის ჩამოყალიბება. მაგრამ ვიღაც წინააღმდეგი წავიდა, მე კი უკვე ძალა არ მქონდა, რომ ეს დაჟინებით მომეთხოვა, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე მივდიოდი“, – თქვა მერკელმა.

მისივე თქმით, 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში ვიზიტის დროს მან იგრძნო, რომ პუტინზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო.

ყოფილი კანცლერის განცხადებით, პუტინისთვის მოლაპარაკების დროს ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელოვანი და ეს ძალაა.

თანამდებობიდან წასვლაზე საუბრისას მან თქვა, „ვიღაც ახალი უნდა დაკავებულიყო ამ საქმით. საკითხი როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხითაც მომწიფდა. საბოლოოდ, მე ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წავედი წინ არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით. დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბია. დადგა დრო ახალი მიდგომებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები