ბექა დავითულიანი – სააკაშვილზე: სეზონებად ვნახეთ, 3 თვეში ერთხელ იწყება პანიკა, რომ ბოლო წუთებია – პრეზიდენტია ერთადერთი ინსტანცია, ვისაც შეუძლია, შეიწყალოს, ამიტომ – შეხვდეს და მას შეაცოდოს თავი
“ჩვენ ვნახეთ რამდენიმე სეზონი – მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელ დღეებს ითვლის – ამ ჰედლაინით. ჯვარი სწერია და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს, რაზეა საუბარი. მაგრამ სეზონებად ვნახეთ, 3 თვეში ერთხელ ეს უცბად აქტიურდება და იწყება პანიკა და აურზაური რომ ბოლო წუთებია და უნდა მოვუსწროთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია, რადგან ვერ ეგუება იმ გარემოს, სადაცაა.
“ვხედავთ, რომ ეს ადამიანი არ არის ამ მდგომარეობაში. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტი აქვს იმიტომ, რომ ვერ ეგუება ამ გარემოს, სადაც არის. არ მოსწონს ციხე და არ ჭამს სრულფასოვნად და ა. შ როგორც მე ვიცი, მაგრამ ის ჯერ იბრძოდა პოლიტიკურად ზეწოლით იქნებ რამენაირად გარეთ გამოსულიყო, დასავლეთი გააქტიურებულიყო და მოეხდინა ზეწოლა.
მაგრამ ამისი ბერკეტი დღეს შეწყალების გარდა არ არსებობს. ახლა გადავიდა მეორე ტაქტიკაზე – მთელი მისი გულშემატკივრები გამოდიან და ამბობენ, რომ იწამლება – ის კიდევ გამოდის და ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი – ანუ გადავიდა სხვაა ტაქტიკაზე, იქნებ ვინმეს შეეცოდოს. პრეზიდენტია ერთადერთი ინსტანცია, ვისაც შეუძლია შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, ამიტომ, შეხვდეს და მას შეაცოდოს თავი”, – განაცხადა დავითულიანმა.