Politico: აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თუ რუსული ძალები პოზიციის დაკარგვას გააგრძელებენ, მოსკოვმა ნატო-სთან ბირთვულ კონფრონტაციამდე უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს.
ამის შესახებ Politico ექვს წყაროზე დაყრდნობით წერს, მათ შორის არიან პენტაგონის მაღალი თანამდებობის პირებიც.
წყარო ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია რაიმე სადაზვერვო მონაცემი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინაში ასეთი თავდასხმა გარდაუვალია. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბევრ ოფიციალურ პირს მიაჩნია, რომ ზამთრის თვეებში საომარი მოქმედებები შენელდება და ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბრუნებას.
მაგრამ თუ ბრძოლის ველზე რუსული დანაკარგები გაგრძელდება, ან მოხდება რუსული არმიის მთლიანი დაშლა, მოსკოვს შეუძლია, გამოიყენოს ქიმიური იარაღი, მათ შორის, ისეთი, რომელიც ალექსეი ნავალნის მოსაწამლად იყო გამოყენებული.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ასეთი თავდასხმის დროს შესაძლოა, იყოს გამოყენებული ისეთი ქიმიკატები, რომელთა დაფარვაც ადვილია, და რაც მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გაართულებს. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ქიმიკატი შესაძლოა, იყოს გამოყენებული მასობრივი თავდასხმისას.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ინვესტიციას ქიმიური იარაღის შესაძლებლობების გაძლიერებაში ახორციელებს.
როგორც Politico-ს ერთ-ერთი კონგრესმენის თანაშემწემ უთხრა, შემოდგომაზე სენატორებმა მიიღეს ინფორმაცია რუსეთში ქიმიური იარაღის მარაგისა და უკრაინის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.