იერუსალიმში, დღეს დილით მომხდარი ორი ტერაქტის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული, 14 დაშავებული, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ 9tv.co წერს.
დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
აფეთქებები ორი სხვადასხვა გაჩერებაზე ნახევარი საათის ინტერვალით მოხდა. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ეს იყო კოორდინირებული ქმედება და აფეთქებები ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
სავარაუდოა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები გაჩერებებზე დატოვებულ ჩანთებში იყო, და მათი ამოქმედება დისტანციურად მოხდა.
ამჟამად, პოლიცია ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებს ამოწმებს.
დედაქალაქის შესასვლელები გადაკეტილია. პოლიცია მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების გამოყენებას სთხოვს.
თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი სამართალდამცავ პირებთან საგანგებო შეხვედრას მართავს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით ისრაელის პოლიციამ სამი პალესტინელი დააკავა.