სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა გურიის რეგიონის სპორტული ინფრასტრუქტურა მოინახულეს
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა, გასვლითი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაათვალიერეს და მათი მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესებს გაეცნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატებმა საფეხბურთო გუნდის „ლანჩხუთის” სავარჯიშო ბაზა, საცურაო კომპლექსი, ჭიდაობის დარბაზი და ჩოხატაურის სტადიონი და სპორტული ცენტრი მოინახულეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში სპორტის განვითარების კუთხით, დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სპორტის მიმართულებით რამდენიმე აიპ-ი საქმიანობს. მათ შორისაა სპორტული ცენტრი, სადაც ჭიდაობა, ჭადრაკი და ცურვაა გაერთიანებული და მათ ბიუჯეტი 568 ათასი ლარია.
ცალკეა საფეხბურთო აიპ-ი და ქალთა საფეხბურთო კლუბი – ლანჩხუთის „ლანჩხუთი”, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია.
„სპორტული ღონისძიებების მიმართულებით მერიაში ცალკე სამსახური არსებობს, რომლებიც შიდა ტურნირების, სოფლებში გასამართი შეჯიბრებების, ინვენტარით მომარაგების და ფულადი ჯილდოების ორგანიზება- უზრუნველყოფას ახორციელებს”, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
ჩოხატაურში სტუმრობისას, კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სპორტის განვითარების და აიპ-ების მუშაობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურული მოწყობა და სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და შესაბამისი სპორტული ინვენტარით აღჭურვა.
„ვფიქრობ, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, სპორტის განვითარების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას შევძლებთ. მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო კომიტეტის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა, სადაც სპორტის ხელშეწყობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები დავსახეთ”, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ.
კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრები, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა შეაჯამა. მისი განცხადებით, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სტუმრობისას, კომიტეტის წევრები ადგილზე გაეცნენ, თუ რა გამოწვევები არსებობს სპორტის განვითარების კუთხით და თუ რა ფორმით შეძლებს კომიტეტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ამ პრობლემების მოგვარებას.
„აღსანიშნავია, რომ რეგიონმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა და კიდევ უფრო გამართული სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი გვეყოლება”, – აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
გურიის რეგიონში კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.