აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
„ჩვენ გავეცანით პრესაში გავრცელებულ ცნობებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთში უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამ მომენტისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ამ ცნობებს დაადასტურებდა და განვაგრძობთ საკითხის შესწავლას“, – განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა.
ცნობისთვის, The Associated Press-მა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.