რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის 100 მოქალაქეს, მათ შორის ჰოლივუდის მსახიობ ჯიმ ქერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კანადის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ კანადელი მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ აგრესიული ანტირუსული კურსის ფორმირებაში.
ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს 23 რუსს, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევაში რუსი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ. მათ შორის არიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები და ციხეების ადმინისტრაციის თანამშრომლები.