თურქეთის პოლიციამ სტამბოლში აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავა

თურქეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბომბი დატოვა.

ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.

“ადამიანი, რომელმაც ბომბი დატოვა, დაკავებულია”, – ციტირებს მის სიტყვებს TRT World TV.

სოილუს თქმით, პირველადი ინფორმაციით, აფეთქების უკან ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) და ქურთისტანის სახალხო დაცვის ქვედანაყოფები (YPG) დგანან.

მინისტრი აფეთქების ორგანიზატორებს  და შემსრულებლებს მკაცრ პასუხს ჰპირდება.

“არსებობს კვალი. არსებობს ეჭვი, რომ ბრძანება იყო სირიის ქობანიდან, ბოროტმოქმედმა აფრინი გაიარა. ყველაფერი ზუსტდება”, – განუცხადა სოილუმ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „ამ თავდასხმის ორგანიზატორებიც და დამნაშავეებიც, რომლებმაც დააზარალეს თურქეთი, მკაცრ პასუხს მიიღებენ“.

სტამბოლში აფეთქება გუშინ საფეხმავლო ტურისტულ ისტიკლალის ქუჩაზე  მოხდა. ქვეყნის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს, რომლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა.

ამ დროისთვის, დაშავებულთაგან ნახევარზე მეტი საავადმყოფოდან გაწერილია.

ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, ისტიკლალის ქუჩა ტურისტებისთვის ისევ გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები