დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი სარატიფიკაციო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო და საბაჟო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ 2022 წლის 3 ივნისს გაფორმებული ორი შეთანხმება ეკონომიკურ და საბაჟო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის მიზნით ევროკავშირის მხრიდან დახმარებას ითვალისწინებს.

„დოკუმენტების გაფორმება განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. საგადასახადო და საბაჟო სფეროებში თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობით მოხდება შიდა ბაზრის გაძლიერება, ევროკავშირში სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა”, – განაცხადა მომხსენებელმა.
მან იმ კონკრეტულ აქტივობებზე ისაუბრა, რომლებიც შეთანხმების ფარგლებში დაფინასდება, ესენია – სამუშაო შეხვედრები, პროექტზე დაფუძნებული სტრუქტურული თანამშრომლობა, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) შესაძლებლობების გაუმჯობესება, საგადასახადო უწყებების წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება, სემინარები თანამშრომელთა ცოდნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის, საპილოტე პროგრამები და სხვა.
კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ ორივე დოკუმენტს: „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში” საქართველოს მონაწილეობის შესახებ” და „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში” საქართველოს მონაწილეობის შესახებ” შეთანხმებებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები