რატომ არის მნიშვნელოვანი სიგარეტის სადა შეფუთვა – „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის განმარტება
სიგარეტის სადა შეფუთვა ძირითადი პრევენციული ზომაა იმისათვის, რომ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა მოწევა არ დაიწყონ. თუ ახალგაზრდების დაახლოებით 15-20 % იწყებს მოწევას, სადა შეფუთვის გამო, ეს რიცხვი დაახლოებით 10 %-ზე ჩამოდის, ანუ ორჯერ ამცირებს თამბაქოს მოწევის დაწყებას, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბახტურიძე სიგარეტის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედების საკითხს გამოეხმაურა.
„ახალი ნორმა, რომელიც თამბაქოს კოლოფების სადა, ე.წ. სტანდარტიზებულ შეფუთვას ეხება, მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. ეს ნორმა, მოგეხსენებათ, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, თამბაქოს ინდუსტრიის ლობირების შედეგად მისი 5 წლით გადავადება მოხდა. თამბაქოს ინდუსტრია მაშინაც და ახლაც მანიპულირებს იმით, რომ, თითქოს, ეს არ არის ეფექტიანი ნორმა და ა.შ; ძალისხმევას არ იშურებს, რომ ეს ნორმა კიდევ გადავადდეს, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ეს ვეღარ მოხდება იქიდან გამომდინარეც, რომ მთავრობამ წელს, 16 მაისს სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, სადაც ყველა ის ტექნიკური საკითხია გაწერილი, რაც სადა შეფუთვასთანაა დაკავშირებული.
სადა შეფუთვა ერთფეროვან კოლოფებს ნიშნავს. მოგეხსნებათ, კოლოფებს სხვადასხვა კორპორაციული ფერი აქვს, მიმზიდველია კონკრეტული სეგმენტისთვის. ეს სეგმენტი, ძირითადად, ქალბატონები და ახალგაზრდა გოგონები გახლავთ. მაგალითად, კოლოფების დიზაინში შეამჩნევთ ყვავილებს, ორნამენტებს და ა.შ, რაც საკმაოდ მიმზიდველია გოგონების სეგმენტისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენთან მწეველობის გავრცელების თვალსაზრისით, ქალებსა და გოგონებში თამბაქოს მოხმარება ჯერ კიდევ დაბალია, შესაბამისად, მარკეტინგულად თამბაქოს ინდუსტრიას ქალთა სეგმენტი სამიზნედ აქვს ამოღებული. კოლოფით მანიპულირება მნიშვნელოვანი საკითხია ფსიქოლოგიურად, ჯერჯერობით, ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც ბავშვები და ახალგაზრდები არიან. შესაბამისად, ერთ-ერთი ეფექტიანი ზომა იმისათვის, რომ კოლოფებმა მიმზიდველობა დაკარგოს, არ იყოს მიმზიდველი ახალი სეგმენტისთვის, რომელსაც ჩვენი შვილები და ახალგაზრდები წარმოადგენენ, სადა შეფუთვაა. ასეთი ტიპი რეგულაცია მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე ასეთი ტიპის რეგულაცია ავსტრალიამ მიიღო. ეს ნორმა დაახლოებით 35 ქვეყანაში მოქმედებს. კოლოფი ჩვენთანაც ერთფეროვანი იქნება, მასზე სამედიცინო გაფრთხილება იქნება დატანილი. მე გაჩვენებთ ისრაელის კოლოფს. რატომ ვაჩვენებ ამ კოლოფს: თამბაქოს ინდუსტრია ახლაც მანიპულირებს, რომ, თითქოს, უკრაინაში მიმდინარე ომი ასეთი ტიპის ნაწარმის შემოტანას ხელს უშლის, მინდა, გითხრათ, რომ ეს კოლოფები უკრაინაში იწარმოება, ომიანობის პერიოდშიც მწარმოებელი, რომელსაც ქარხანა ხარკოვში ჰქონდა, სხვა მწარმოებელს შეუთანხმდა და ამ პროდუქტს კიევთან ახლოს მდებარე ქარხანაში ამზადებენ, როგორც საქართველოსთვის, ისე ისრაელისთვის. ისრაელში სადა შეფუთვის ნორმა ჩვეულებრივად მოქმედებს.
რატომ არის ეფექტიანი სიგარეტის სადა შეფუთვა: ეს ძირითადი პრევენციული ზომაა იმისათვის, რომ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა მოწევა არ დაიწყონ. თუ ახალგაზრდების დაახლოებით 15-20 % იწყებს მოწევას, სადა შეფუთვის გამო, ეს რიცხვი დაახლოებით 10 %-ზე ჩამოდის, ანუ ორჯერ ამცირებს თამბაქოს მოწევის დაწყებას. საკმაოდ ეფექტიანი ზომაა. ამიტომ არის, რომ თამბაქოს ინდუსტრია ყველანაირად ცდილობს, ბავშვების ბაზარი არ დაკარგოს. მეორე საკითხია ის, რომ უკვე ზრდასრული ადამიანებიც ფიქრდებიან, მათთვის პროდუქტი მიმზიდველობას კარგავს, ასოცირება ხდება იმასთან, რომ ეს არ არის ნორმალური პროდუქტი. არსებული მწეველების რიცხვიდან დაახლოებით 2-3 პროცენტში კლებაა. ეს რომ ეფექტიანი ზომა არ იყოს, თამბაქოს ინდუსტრია არანაირ მცდელობას არ გააგრძელებდა. თუმცა, როგორც გითხარით, კვლავ ცდილობს, კონკრეტული პოლიტიკოსების საშუალებით, ამ ნორმის გადავადება მოახდინოს. თუ 1-ელი იანვრიდან კომპანია რეგულაციას დაარღვევს და თამბაქოს შეფუთვა სადა არ იქნება, საჯარიმო სანქცია ყოველ აღმოჩენილ შემთხვევაზე 5 000 ლარია, განმეორებისას 10 ათასი ლარი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი მეხუთე მოქალაქე საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ნაადრევად გარდაცვლილი ადამიანია. მწეველების საშუალო ასაკი 56 წელია, როდესაც მთელ პოპულაციაში 73 წელია” – განაცხადა ბახტურიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქო ახალი შეფუთვით გაიყიდება. სტანდარტიზებულმა ანუ სადა შეფუთვამ პროდუქტი ისე უნდა გარდაქმნას, რომ თამბაქოს მიმზიდველობა შეამციროს და მომხმარებელმა ერთი ბრენდის ნაწარმი მეორისგან მარტივად, ერთი შეხედვით ვერ გაარჩიოს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გადავადებაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს.
„რაც შეეხება სადა შეფუთვას, მთავრობის დადგენილება გამოცემულია, რომელიც აზუსტებს ტექნიკურ მოთხოვნებს, თუ რას ნიშნავს სადა შეფუთვა. ამოქმედების ვადა პირველი იანვარი. რაიმე საფუძველი, რომ გადავადებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს, პირიქით, ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით, რათა მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება თამბაქოს კონტროლს, რაც არის უკვე დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, შესრულდეს. ეს ასევე გვაახლოებს ევროკავშირის მოთხოვნებთან, ევროდირექტივებთან და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა პრევენციული ზომები, რაც უკავშირდება თამბაქოს მოწევის შეწყვეტას და თამბაქოს მოწევით გამოწვეულ მთელ რიგ დაავადებებს, თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამუნა შეყილაძე