გიორგი ცუცქირიძე: 2030 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 ათას დოლარს მიაღწევს, რის შემდეგაც საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს

მაღალი ეკონომიკური ზრდა არ არის იდეა ფიქსი, მაგრამ სიღარიბის დასაძლევად თუნდაც უახლოეს წლებში ეკონომიკის გაორმაგება მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2030 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 ათას დოლარს მიაღწევს, რის შემდეგაც საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.

„სექტემბრის ეკონომიკური ზრდის მაღალმა 8.8 %-იანმა მაჩვენებელმა, რაც იანვარ-სექტემბრის 10.2 %-იან საშუალო წლიურ ზრდაშია ასახული აჩვენა, რომ სავსებით რეალურია ექსპერტული თვალსაზრისი, მიმდინარე წელსაც გავიდეთ ორნიშნა ზრდაზე, შარშანდელი წლის მსგავსად.

მაღალი ეკონომიკური ზრდა არ არის იდეა ფიქსი, მაგრამ სიღარიბის დასაძლევად თუნდაც უახლოეს წლებში ეკონომიკის გაორმაგება მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.

ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანაც, სწორედ ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის ზრდაში აისახება და კარგია, რომ დღეს მთავრობის სტრატეგიაც, რაც ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერისაკენ და ექსპორტის უფრო მაღალი დივერსიფიკაციისკენ არის მიმართული, ამ ამოცანის რეალიზაციას ემსახურება.

აქვე შევნიშნავ, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, სტრატეგიულ ამოცანად უნდა დავისახოთ მივაღწიოთ მოსახლეობის 1 სულზე ეროვნული შემოსავლის მატების ისეთ მაჩვენებელსაც, რომელიც მეტი იქნება არა თუ რეგიონის, არამედ თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რაც საშუალებას მოგცემს მომავალ წლებში საშუალო ევროპულ დონეზე გავიდეთ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით, 2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადააჭარბებს 10,000$ ნიშნულს და სულ მცირე 10,540$ იქნება, ხოლო იმავე ტემპით, 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15,000$ მიაღწევს, რის შემდეგაც საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.

მნიშვნელოვანია, თუ როგორია 1 სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მშპ. სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ და შევედაროთ ევროპის ქვეყნებს, ასევე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. ამ ორი მაჩვენებლით დღეს ევროპის ქვეყნებს ნამდვილად ჩამოვრჩებით, მაგრამ თუ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება მომავალ წლებში – 2030 წლამდე პერიოდში, თავისუფლად შეგვიძლია გავიდეთ არა თუ სსფ-ის საპროგნოზო მაჩვენებელზე, რაც კონსერვატიული პროგნოზია, არამედ ისეთ მაჩვენებელზე კი, როგორიც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილშია – დაახლოებით 12 500 დოლარი მშპ 1 სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ბუნებრივია, არც ევროპული ქვეყნები გაჩერდებიან ერთ ადგილზე, მაგრამ როგორც აღვნიშნე საშუალო ევროპულთან შედარებით ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის უფრო მაღალი ზრდის ტემპით, თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ მივიდეთ იგივე დონეზე, რაც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია.

შედარებისათვის თუ 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 4200 აშშ დოლარს შეადგენდა, 2022 წლის ბოლოს იგი გაიზრდება 6770 აშშ დოლარამდე, რაც აქამდე არსებულ ყველა საშუალო და გრძელვადიან პროგნოზებზე გაცილებით მაღალია“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები