გივი მიქანაძე: ქვეყანას ვერ დააზიანებენ, დააზიანებენ მხოლოდ საკუთარ თავს, რადგან ჩვენი ყველა პარტნიორი დეტალურად არის ინფორმირებული, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში
“ამ ადამიანების როლი მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტზე საუბრისას აღნიშნა.
მიქანაძის თქმით, ისინი ქვეყანას ვერ დააზიანებენ, რადგან ყველა პარტნიორი დეტალურად ინფორმირებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში.
“მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ქვეყნის საწინააღმდეგო. ისინი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში არ ერთვებიან და საზოგადოება და პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული გეგმა როგორ შედეგიანად, მიზანზე ორიენტირებულად მიმდინარეობს, რათა საქართველომ წლის ბოლომდე შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები. ამ ადამიანების როლი მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. რამდენადაც უნდა ეცადონ, ქვეყანას ვერ დააზიანებენ, დააზიანებენ მხოლოდ საკუთარ თავს, რადგან ყველა ჩვენი პარტნიორი დეტალურად არის ინფორმირებული, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.