პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების მოსმენა დაიწყო

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების მოსმენა დაიწყო, რომელიც 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმინეს.

ფრაქციების: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებული ოპოზიცია – „ძალა ერთობაშია”, „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” და „რეფორმების ჯგუფის” მიერ წარდგენილი კანდიდატის, ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის განცხადებით, პარლამენტს აქვს  ფართო არჩევანი, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

„ეს არ არის სახალხო დამცველის არჩევის ჩვეულებრივი პროცედურა და რეალურად ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი მთავარი ღირებულებების პროცესში – გავაფორმოთ, რომ ვართ ევროპული ღირებულებების მატარებელი ხალხი და ყოველთვის გვსურდა თავისუფალ სამყაროსთან ასოცირება. სახალხო დამცველის არჩევაც საბედნიეროდ, არის ამ პროცესის ნაწილი. ამიტომ თუ ჩემზე ან სხვა, ღირსეულზე შეაჩერებთ არჩევანს, მაგრამ ეს არჩევანი იქნება სწორი, მე ვიქნები ბედნიერი. ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ თქვენ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი და თქვენ გაქვთ არჩევანი მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების” ადვოკატმა მარიკა არევაძემ სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად დეპუტატებს საკუთარი ხედვები გააცნო.

მისი თქმით, დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური სახალხო დამცველის არჩევა არის ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს პროაქტიული ჩართულობა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მე არ ვაპირებ მხოლოდ და მხოლოდ დაველოდო საჩივრებს, რომელიც შემოვა სახალხო დამცველის აპარატში, არამედ კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებამოსილებას გამოვიყენებ და თავად უზრუნველვყოფ იმ უფლებებთან დაკავშირებით რეაგირებას, რომელთაც მივიჩნევ, რომ არის დარღვეული და რომელთა შესახებაც ინფორმაციას მივიღებ”, – განაცხადა მარიკა არევაძემ.

ფრაქციების: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებული ოპოზიცია – „ძალა ერთობაშია”, „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” და „რეფორმების ჯგუფის” მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ სახალხო დამცველის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და იმ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც  მისივე თქმით, სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობაზე საქმიანობის მანძილზე  წვლილი თვითონაც მიუძღვის.

„დღეს სახალხო დამცველს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოებაში. ეს ნდობა გაზომილია და შესაბამის კვლევებს ეფუძნება”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. მისი თქმით,  სწორედ ეს აძლევს მოტივაციას იმუშაოს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების მიუხედავად.

„ადამიანის უფლებებში არ უნდა  არსებობს პრიორიტეტი და  ნებისმიერ პირს, ვინც იქნება სახალხო დამცველი, მოუწევს მუშაობა ადამიანის ყველა უფლებაზე, რომელზეც მიმართავენ და  რომელზეც ის პროაქტიულად იმუშავებს. მე ერთი პრიორიტეტული მიმართულება მექნება, რომელიც ეხება არა კონკრეტულ უფლებას, არამედ სამართლებრივ ურთიერთობას და ეს იქნება  ევროინტეგრაცია. ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს აქვს შესასრულებელი ვალდებულებები, რათა ჩვენ შემდგომი დაახლოება მოვახდინოთ ევროკავშირთან იქნება ეს კანდიდატის წევრის სტატუსი თუ თვითონ წევრობა”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველობის  თითოეული კანდიდატმა  ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისა და უფრაქციო დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კენჭისყრები გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს  მოუსმენენ.

ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და შესაბამისად, პარლამენტი მიმდინარე კვირას 19-ვე კანდიდატს მოუსმენს.

პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები