“იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ აქვს არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა- დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკოს აზრით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება.
„არ მგონია, რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქროს, რადგან ეს მართლაც სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ის დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ აქვს არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს. უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც შემდგომში მათი ფუნქციონირებისთვის ნორმალური იქნება. კონკრეტულ შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით, რატომ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან კლანი ან არაკლანი. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა, ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.