მაკა ბოჭორიშვილმა ზალცბურგის ევროპის სამიტში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ზალცბურგის ევროპის რიგით მე-18 სამიტში მიიღო მონაწილეობა. მაკა ბოჭორიშვილი სესიაზე „გაფართოების ახალი ტალღა – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო” (“New Enlargement – Ukraine, Moldova, Georgia”) სიტყვით გამოვიდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოსთვის ასევე, ევროპისთვის, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობაზე, განხორციელებულ რეფორმებზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და უკრაინაში რუსეთის მიერ მიმდინარე ომის ფონზე რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე.

„რუსეთის აგრესიის შედეგად ევროპაში ბევრი რამ შეიცვალა. საქართველომ რუსეთის აგრესია მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გამოცადა. რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წლის აგრესიამ სამწუხაროდ, თავის დროზე, ვერ მოახერხა დასავლეთის გამოღვიძება, რაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით დასრულდა. რუსეთის აგრესიის შედეგად, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა რუსეთის სამხედროები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა, ოჯახების გაყოფა, რასთან გამკლავებაც ათწლეულებია და განსაკუთრებით მძაფრად 2008 წლის შემდეგ გვიწევს. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის.
ჩვენი სტრატეგიული ამოცანა და მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ეს არის ჩვენი გზა და ჩვენი მომავალი. გარდამტეხი მომენტი იყო 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა თუმცა, მას აკლდა მნიშვნელოვანი კომპონენტი – ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა. ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგანაც მან მოგვცა ცხადი პერსპექტივა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები გახდებიან”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სამიტზე განხილვის თემებს ევროკავშირის წინაშე არსებული უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევების გადალახვის გზები ასევე, გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ახალგაზრდული პოლიტიკა წარმოადგენდა.

გაფართოების ახალი ტალღა – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო” სესიაში, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, ევროპარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპარლამენტარი ლუკას მანდლი, ევროკომისიაში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის დირექტორის მოადგილე კატერინა მატერნოვა, რუმინეთის სახელმწიფო მინისტრი უსაფრთხოების პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში სიმონა კოჯოკარუ, ასევე ავსტრიისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ზალცბურგის ევროპული სამიტი ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდერ ვან დერ ბელენისა და ფედერალური კანცლერის კარლ ნეამერის პატრონაჟითა და ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება. სამიტში ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეამერი, ავსტრიის ფედერალური მინისტრი ევროკავშირისა და კონსტიტუციის საკითხებში კაროლინე ედშტადლერი, ავსტრიის შრომისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრი მარტინ კოხერი, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბიერი, ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალური მდივანი პეტერ ლაუნსკი-ტიფენტალი, ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-პრემიერი ევროპულ საკითხებში ბოიან მარიჩიკი, სლოვენიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხთა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში მარკო შტუცინი, ასევე სხვადასხვა ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის პირები, ევროპარლამენტარები და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები