Bloomberg: ილონ მასკის ბიზნესი შესაძლოა, შემოწმდეს

თეთრ სახლს სურს, კომპანია SpaceX-ის დამაარსებლის, ილონ მასკის ბიზნესი შეამოწმოს. საუბარია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება მასკის საწარმოები შეერთებული შტატების უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მასალაში ნათქვამია, ასევე, რომ შესაძლებელია, შემოწმდეს 44 მილიარდ დოლარად Twitter-ის შესყიდვის გარიგება, რომლის ერთ-ერთ ელემენტს კონსორციუმში უცხოელი ინვესტორების მონაწილეობა წარმოადგენს. ამ ჯგუფში შედიან – საუდის არაბეთის პრინცი – ალ-ვალიდ ბინ ტალალი, Binance-ის კრიპტო ბირჟა, რომელიც დაარსდა და იმართება ჩინელი წარმომავლობის მქონე ბიზნესმენის მიერ და ყატარის კეთილდღეობის ეროვნული ფონდი. გამოცემა წერს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან მასკის გეგმებით, შეიძინოს Twitter-ი უცხოელი ინვესტორების ჯგუფთან ერთად.

აშშ-ის მთავრობა და დაზვერვა სწავლობენ ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს, რომლებიც ფედერალურ მთავრობას საშუალებას მისცემს, შეამოწმოს მასკის ბიზნესი ეროვნული უსაფრთხოების რისკებისთვის.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ილონ მასკმა პენტაგონს მიმართა, საკუთარ თავზე აიღოს უკრაინაში Starlink-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირების დაფინანსება. SpaceX-მა უკრაინას, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 20 ათასამდე თანამგზავრული ერთეული მიაწოდა.

Starlink მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის სატელიტური პლატფორმის შემუშავებას საკომუნიკაციო თანამგზავრების წარმოებისთვის და მათი დიდი რაოდენობის კოსმოსში გაშვებისთვის. სისტემა უზრუნველყოფს ფართოზოლოვანი ინტერნეტის წვდომას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

სწორედ ამ სისტემების მუშაობაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე უკრაინელი სამხედროების კომუნიკაცია. SpaceX-ში განაცხადეს, რომ სისტემებით უზრუნველყოფას წლის ბოლომდე დამატებით 120 მილიონ დოლარზე მეტი დასჭირდება და, დაახლოებით, 400 მილიონ დოლარზე მეტი – მომდევნო წელს.

თუმცა, მეორე დღეს, 14 ოქტომბერს მასკმა განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინაში Starlink-ის დაფინანსებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები