პუტინმა უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებიდან, კერძოდ, ანექსირებული ყირიმიდან, კრასნოდარის მხარიდან, ბელგოროდის, ბრაიანსკის, ვორონეჟის, კურსკის, როსტოვის ოლქებიდან და ქალაქ სევასტოპოლიდან “უსაფრთხო ადგილებში მაცხოვრებლების დროებითი განსახლების” განკარგულება გასცა.

ამის შესახებ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ რეგიონებში შემოღებულია რეაგირების საშუალო დონე, რომლის ფარგლებში განხორციელდება “სამობილიზაციო ღონისძიებები ეკონომიკურ სფეროში”.

ასევე, “მიიღება ტერიტორიული თავდაცვის ინდივიდუალური ზომები, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებები, მოსახლეობისა და ტერიტორიების დაცვა ბუნებრივი და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში; აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების, სამხედრო ფორმირებების, ორგანოებისა და მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გარკვეული ზომები მიიღება”.

სხვა პუნქტებს შორის, განკარგულებაში ნათქვამია, რომ ამ სუბიექტებში უნდა მოხდეს, “მაცხოვრებლების დროებითი განსახლება უსაფრთხო ტერიტორიებზე; ასეთი მაცხოვრებლების სტაციონარული ან დროებითი საცხოვრებელი ფართებით სავალდებულო უზრუნველყოფით;

ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის სპეციალური რეჟიმის შემოღება და შენარჩუნება, აგრეთვე, მასზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა;

სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა და მათი შემოწმება;

კონტროლის შემოღება ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების ფუნქციონირებაზე, სტამბების, კომპიუტერული ცენტრებისა და ავტომატიზირებული სისტემების ფუნქციონირებაზე და მათი სამუშაოს თავდაცვითი საჭიროებისთვის გამოყენებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები