არჩილ თალაკვაძე: ჩვენ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა, მხარი დავუჭირეთ პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე
მხარი დავიჭირეთ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, პირადად მე ვესწრებოდი კომიტეტის შეხვედრას, სადაც ჩემი პოზიცია კენჭისყრის დროს დავაფიქსირე, ანუ საქართველომ და საქართველოს სახელისუფლებო გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა მისცა პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, “ნაცმოძრაობის” წევრები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
“ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, ვინც პირდაპირ არიან რუსეთთან თანამშრომლობაში შემჩნეული, ხელფასებს იღებენ რუსული ორგანიზაციებიდან, საქართველოში რუსული ინტერესების გატარებით არიან დაკავებულები და ამას აკეთებენ დასავლეთის ფარდის უკან, არასერიოზულია. ისინი არც სხდომაში მონაწილეობდნენ და არ იციან რეალურად, როგორ მოხდა ამ რეზოლუციის განხილვა.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს, ის, რაც მოვისმინეთ, არ შეესაბამება რეალობას, ეს არის არასწორი ინფორმაცია. სინამდვილეში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა პოლიტიკურ კომიტეტზე, სადაც ეს რეზოლუცია იყო ინიცირებული და განხილული, მხარი დავიჭირეთ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, პირადად მე ვესწრებოდი კომიტეტის შეხვედრას, სადაც ჩემი პოზიცია კენჭისყრის დროს დავაფიქსირე, ანუ საქართველომ და საქართველოს სახელისუფლებო გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა მისცა პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე. რაც შემდეგ მოხდა, დამაზიანებელი იყო და ეს გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და სააკაშვილთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა, მათ დააინიციირეს სააკაშვილთან დაკავშირებულო ცვლილება ამ რეზოლუციაში,რომელსაც 600 დეპუტატიდან მხოლოდ 55-მა დაუჭირა მხარი, ამ საკითხს ჰქონდა ორჯერ ნაკლები მხარდაჭერა იმ მომენტში, ვიდრე რეზოლუციას, საერთო რაოდენობაზე რომ არაფერი ვთქვათ. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათ შორის, უკრაინელი დეპუტატიც კი უკმაყოფილო იყო, ამ ცვლილების ინიციირებით, ეს გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა”, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
“დღესაც ვაფიქსირებ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და უფლებას, ჰქონდეს მშვიდობიანი მომავალი და თავად მიიღოს გადაწყვეტილებები მის მომავალზე, მხარს ვუჭერთ და ეს არაერთხელ დავადასტურეთ ბევრად უფრო მძიმეწონიანი რეზოლუციების მხარდაჭერით,” – განაცხადა თალაკვაძემ.