მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი რაიმე სახით დაემუქრება მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანა თავის დასაცავად ზომებს მიიღებს.
ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიშინიოვში განაცხადა.
სანდუმ აღნიშნული 10 ოქტომბრის ინციდენტის კომენტირების ჭრილში თქვა, როდესაც რუსული რაკეტები უკრაინაში მოლდოვის საჰაერო სივრცის გავლით გაუშვეს.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 24 თებერვლის პირველივე წუთებიდან მოლდოვა წუხს იმაზე, თუ როგორ იზრუნოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან, რათა მოხდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.
მისივე თქმით, ამ დიალოგის შედეგები გასაჯაროვდება, როდესაც მეტი კონკრეტიკა იქნება.
„იმედი მაქვს, რომ ასეთი ვითარება არ იქნება, მაგრამ თუ რუსეთი გაბედავს რაიმე სახით დაემუქროს მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ ზომებს მის დასაცავად“, – განაცხადა მაია სანდუმ.