ამირან სალუქვაძე – ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ოჯახმა და საზოგადოებამ ზუსტად უნდა გაიგონ, ვინ რისთვის აგო პასუხი – ვინ რას წერს დღეს, ვის რა ამოძრავებს, უფალი განსჯის

ცალსახაა, რომ ზუსტი და ტრაგედიის სიმძიმიდან გამომდინარე ადეკვატური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, სრული სიმძიმით, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ვაკის პარკში მომხდარ დღევანდელ ტრაგედიას.

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, მხოლოდ დეტალური ექსპერტიზა მისცემს გამოძიებას სრულ სურათს, ოჯახმა და საზოგადოებამ ზუსტად უნდა გაიგონ ვინ რისთვის აგო პასუხი.

„მთელი ნახევარი დღეა რა დავწერო, არ ვიცი. სვავებისთვის არ ვწერ. მაგათი აზრი დიდი ხანია აღარ მაინტერესებს. ვიცი მაგათი ინტერესი და მათი განხილვის განწყობა არ მაქვს. საათზე მეტია ამ პოსტს ვწერ და ვშლი…

დღევანდელი ტრაგედია ნებისმიერი ადამიანის ოჯახში შეიძლება შესულიყო. შვილების და შვილიშვილების პატრონები ვართ. აქედან უნდა შევხედოთ.

ცალსახაა, რომ ზუსტი და ტრაგედიის სიმძიმიდან გამომდინარე ადეკვატური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, სრული სიმძიმით.

პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც პასუხები უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს:

  1. რა მოხდა, ანუ რომელი ადგილიდან მოხდა დენის გადასვლა?
  2. რა მიზეზით მოხდა დენის გადასვლა, ესაა მონტაჟის (უხარისხო სადენები, ან გადაერთებები და ა.შ.) ხარვეზი, ანუ ადამიანური ფაქტორი, თუ უხარისხო ელექტრო ხელსაწყოების ან მასალების ბრალი, თუ სხვა რამ?
  3. თუ უხარისხო ელექტრო მასალების გამო მოხდა, მაშინ გაირკვეს მწარმოებლის მიზეზითაა, თუ იაფფასიანი, უხარისხო ნაწარმის შეძენა მოხდა?
  4. ობიექტის ჩაბარებისას შემოწმდა თუ არა სრულად, მ.შ. ელექტრო უსაფრთხოებაზე?

უნდა დადგინდეს, ეს მოხდა დაუდევრობით, თუ სხვა უფრო მძიმე მიზეზით?

ახლა ავრცელებენ ვიდეოს, რომელიც ტრაგედიამდეა გადაღებული, რომელშიც ჩანს როგორ უვნებლად დარბიან ბავშვები იმავე აუზში. რა მოხდა ამის შემდეგ?

მხოლოდ დეტალური ექსპერტიზა მისცემს გამოძიებას სრულ სურათს, რა თქმა უნდა, კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების დოკუმენტაციის სრულად შესწავლასთან ერთად.

ოჯახმა და საზოგადოებამ ზუსტად უნდა გაიგონ ვინ რისთვის აგო პასუხი. არ მიკვირს, რომ არავის გამოუთქვამს სურვილი ექსპერტიზაში მიეღოთ მონაწილეობა.

ვინ რას წერს დღეს, ვინ რა განცხადებებს აკეთებს, ვის რა ამოძრავებს, ვის ეწვის, ვის სხვა რამ ეწვის, უფალი განსჯის.

ოჯახს გულით თანავუგრძნობ. არც კი ვიცი ასეთი ტრაგედიის დროს რით უნდა ანუგეშო მშობლები, ახლობლები?! ასეთი სიტყვები არ არსებობს“, – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები