ლაშა ავალიანი: მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეიცვალა კომუნიკაციის პლატფორმა, შექმნილია Facebook გვერდი – ძაღლების ჰიპერ პოპულარიზაციის პროგრამა, სადაც წინასწარ ქვეყნდება ინფორმაცია, თუ რომელ ლოკაციაზე იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლაშა ავალიანის განცხადებით, საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნით, შექმნილია Facebook გვერდი – ძაღლების ჰიპერპოპულარიზაციის პროგრამა, სადაც წინასწარ ქვეყნდება ინფორმაცია, თუ რომელ ლოკაციაზე იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, როგორც მიუსაფარი და უპატრონო, ასევე მიკედლებული ცხოველების შესაბამისი მანიპულაციის ჩასატარებლად.
როგორც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განმარტა, პროგრამა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობდა და ეტაპობრივად, მისი დახვეწა მოხდა – ახლა, საველე ჯგუფებთან ერთად, ვეტერინარიც დადის, რომელიც იდენტიფიცირებულ და სტერილურ ცხოველებს ადგილზე ჩაუტარებს ვაქცინაციას.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეიცვალა კომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. შეიქმნა ახალი „ფეისბუკ“ გვერდი, რომელსაც ძაღლების ჰიპერპოპულარიზაციის პროგრამა ჰქვია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, იხილოს აღნიშნული გვერდი. იქ, წინდაწინ, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია, თუ რომელ ლოკაციებზე იქნება წასული ჩვენი საველე ჯგუფი. ანუ, თუ რომელ ლოკაციებზე გამოცხადდებიან და დაიწყებენ, როგორც მიუსაფარი და უპატრონო, ასევე მიკედლებული ცხოველების შესაბამის მანიპულაციას.
რა არის ეს მანიპულაცია? საპილოტე პროგრამის ფარგლებში და პროგრამის მიმდინარე წლის სატესტო პერიოდში, როგორც უპატრონო, ასევე მიკედლებული ცხოველების გადაყვანა ხდებოდა თავშესაფარში. ამან გარკვეული კითხვის ნიშნები გამოიწვია საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო საჭირო უკვე გასტერილებული ცხოველების გადაყვანა თავშესაფარში. აქვე, მინდა განვმარტო, რომ პროგრამა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციას არ ითვალისწინებს, ის ასევე ითვალისწინებს ცხოველის კლინიკურ შეფასებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაციას, ან თუ უკვე იდენტიფიცირებულია, ცხოველთა ბაზაში შეყვანას და შემდგომ დაბრუნებას ტერიტორიაზე. ვინაიდან ის ჯგუფები, რომლებიც იყვნენ მინდორში, ამ ჯგუფებთან ერთად არ იყო ვეტერინარი და ამ ცხოველების გადაყვანა ხდებოდა თავშესაფარში, სრულყოფილი დაკვირვება, სტერილიზაცია-კასტრაციის შემთხვევაში, შესაბამისი მანიპულაცია, რომელიც რეალურად არის მხოლოდ ვაქცინაცია და უკან დაბრუნება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეგვეფასებინა, ის ცხოველები, რომლებსაც უკეთიათ საყურე ნიშანი ნამდვილად არიან სტერილიზებულები და კასტრირებულები თუ არა, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც საყურე ნიშანი და მათი სტატუსი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, თუმცა ეს შემთხვევები იყო საკმაოდ მცირე, რამაც თამამად მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ პროგრამის ეს ნაწილი შეგვეცვალა.
ჩვენ საველე ჯგუფებს დავუმატეთ ვეტერინარი, რომელიც იდენტიფიცირებულ და სტერილურ ცხოველებს ადგილზე ჩაუტარებს ვაქცინაციას, ხოლო არასტერილურ ცხოველებს გადაიყვანს თავშესაფარში. სქესიდან გამომდინარე, მოხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია და, რეაბილიტაციის პერიოდის გასვლის შემდგომ, ეს ცხოველები უბრუნდებიან იმავე ლოკაციას. ეს ტერიტორიები წინასწარ არის ცნობილი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – განაცხადა ლაშა ავალიანმა.