იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ვაკის პარკში დაშავებული ერთი ბავშვი სახლში გაწერეს, მეორის მდგომარეობა კი სტაბილურია

იაშვილის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ მათთან გადაყვანილი ორი ბავშვიდან ერთ-ერთი უკვე სახლში გაწერეს.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისას დაშავებული მეორე მოზარდი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენ კლინიკაში ორი მოზარდი მოიყვანეს, ერთს საერთოდ არაფერი სჭირდა და სახლში გავუშვით. ერთი პაციენტი დარჩა კრიტიკული მედიცინის ცენტრში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადეს კლინიკაში.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული, სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები