გიორგი ამილახვარი: პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას მიხედოს

„სამწუხაროდ, უკვე მრავალი თვეა, უკრაინის ხელისუფლების მაღალი ტრიბუნებიდან გვესმის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებაზე, თითქოს, რუსეთთან გარკვეულ კავშირებზე, რომ საქართველო არის სხვადასხვა უკანონო ტვირთის გადაზიდვისთვის ტრანზიტული ქვეყანა”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საფუძველი არ არსებობს.

“მთავარი იერიში არის ბიძინა ივანიშვილზე და მის ვითომ კავშირებზე რუსეთთან. მინდა, საზოგადოებას გავახსენო, რომ არცერთი ასეთი განცხადების უკან არასდროს არცერთი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინიდან საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე საქართველოც იქნეს ამ კონფლიქტში ჩათრეული, რაზეც ჩვენი მტკიცე პოზიცია იცით. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში არ გაიხსნას არანაირი ომის ახალი ფრონტი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებს, პირველი, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და მეორე, პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და საკუთარ თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები, რომლებმაც დღეს გაყიდეს უკრაინა“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ფორმულასთან” საუბრისას აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები