შაქარიშვილი: „ქართული ოცნება“ 12 – პუნქტიან გეგმას ასრულებს, მაგრამ უკვე ვხედავთ განცხადებებს, რომ მათ რაღაცები არ ეთვლებათ, თუნდაც, „კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ“

„ქართულმა ოცნებამ“ ვალდებულება აიღო, 12 -პუნქტიან გეგმას ასრულებს, მაგრამ უკვე ვხედავთ განცხადებებს და შეფასებებს, რომ მათ რაღაცები არ ეთვლებათ, თუნდაც ავიღოთ „კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ“ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შაქარიშვილმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიმდინარე სამუშაო პროცესი შეაფასა.

„ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა, „აი ია“, 12 – პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხს წინმსწრები პროცესებიდან გამომდინარე თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად უყურებდა, რაც, პირველ რიგში, დაკავშირებული იყო სამარცხვინო რეზოლუციასთან, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, შემდგომ ამას კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა მოჰყვა. ცხადია, ეს ობიექტურ კრიტერიუმებსა და გარემოებებს არ ემყარებოდა. ეს მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტს, ერთადერთ საკითხს ემყარებოდა, რომ ჩვენ ომში არ შევედით, მეორე ფრონტი არ გავხსენით. თუ ამ თვეების განმავლობაში ევროკომიის შეფასებებს ნახავთ, ჩვენ ნებისმიერი კრიტერიუმით, რითიც, წესით, ევროკავშირს უნდა ეხელმძღვანელა, ქვეყნებს , რომლებმაც სტატუსი მიიღეს, ყველა კომპონენტში ვუსწრებდით. მაგრამ, ერთ წამში აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნებს ჩამოვრჩით. აქ ობიექტურ მიზეზებს ვერ ვხედავთ, ამის ერთადერთი მიზეზია ის, რომ ჩვენ არ ჩავერთეთ ომში. შესაბამისად, თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად შევხედეთ პროცესს, რომელსაც 12 -პუნქტიანი გეგმის შესრულება ერქვა.

ხელისუფლებას, შესაძლოა, არც ჰქონდა სხვა გზა. ნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვალდებულება აიღო, პროცესი დაიწყო, კარი გახსნა, რათა მაქსიმალური ჩართულობა ყოფილიყო, ამ 12 -პუნქტიან გეგმას ასრულებს, მაგრამ უკვე ვხედავთ განცხადებებს და შეფასებებს, რომ მათ რაღაცები არ ეთვლებათ, თუნდაც „კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ავიღოთ , რომელიც ვთვლი, რომ აბსოლუტურად თავსმოხვეულია , მაგრამ „ქართული ოცნება“ შეჰყვა ამ პროცესში, კანონპროექტი მიიღო, რომელიც ანალოგია იმ კანონისა, რომელიც უკრაინაშია მიღებული, ევროკომისიის და შესაბამისი სტრუქტურების მიერაა მოწონებული. მაგრამ, რატომღაც, აშშ-ს ელჩი გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს კანონი, გაწეული სამუშაო არ ჩაითვლება, თუ იქ ერთ კონკრეტულ სახელსა და გვარს – ბიძინა ივანიშვილს არ ჩავწერთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ 12 პუნქტს ობიექტური შეფასების კრიტერიუმები თავშივე არ ჰქონდა. ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის. თქვენ შეგიძლიათ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს კომენტარი ნახოთ, რომელმაც განაცხადა, რომ სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილება, უარი, დაუსაბუთებელი, უსამართლო იყო და აღნიშნული 12 პუნქტიც, ეს ვალდებულებებიც, ობიექტური შეფასების კრიტერიუმებს არ მოიცავდა. ეს ტოვებს სივრცეს, რომ პასუხიც შესაბამისად, იყოს არა ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული, არამედ, გარკვეულ შეხედულებებსა და სხვა აბსტრაქტულ გარემოებებზე. საბოლოო ჯამში, ამას არ დააკონკრეტებენ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, მეორე ფრონტის არგახსნაა. ყოველთვის დარჩება იმის სივრცე, რომ პასუხი შემდეგი პრინციპით იქნას ნათქვამი – „ქუდი რატომ არ გახურავს“. სხვაგვარად ის შეფასებები არ იხსნება, რომელიც უკვე წამოვიდა, თუნდაც აშშ-ს ელჩის მხრიდან „დეოლიგარქიზაციის კანონის“ შესახებ.

იგივე შეიძლება, ვთქვათ დეპოლარიზაციაზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო. ჩვენს დასავლელ, „დაუძინებელ“ მეგობრებს და ჩვენს ოპოზიციას დეპოლარიზაცია შემდეგნაირად ესმით: ჩვენ, ქართული საზოგადოება, ხელისუფლება, პოლიტიკურ კონკურენციაში, რინგზე შევდივართ ხელებ და ფეხებშეკრულები და ისინი არიან დანით, იარაღით და სხვა აკრძალული საშუალებებით შეიარაღებულები. ყველა გარემოებით რაც ჩამოვთვალე: უსამართლო რეზოლუცია, სტატუსზე უარის თქმასთან დაკავშირებით არაობიექტურად მიღებული გადაწყვეტილება, 12 -პუნქტიანი გეგმის პროცესის დაკომენტირება, რომელიც არაფერს ეყრდნობა, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს სამუშაო ფუჭია და არაფრად ჩაითვლება, თუ ხელისუფლებას არ შევცლით და იმ კანონში კონკრეტულ სახელ-გვარებს არ ჩავწერთ. ეს გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას , რომ პასუხიც „ქუდი რატომ არ გახურავს“ პრინციპით იქნება და სტატუსზე უარს მივიღებთ. ჩვენ საზოგადოებას არ უნდა შევუქმნათ ისეთი მოლოდინი, რომ ამან ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული პროცესების გაღვივებას, ხალხში მღელვარების გამოწვევას შეუწყოს ხელი.

მე ასე შევაფასე და ჩემი მოძრაობის სახელითაც ვიტყვი, რომ 12 -პუნქტიანი გეგმა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა არ არის, ეს გეგმა თავშივე ხელისუფლების დასუსტების, შემდგომში კი ხელისუფლების ცვლილების გეგმა იყო. საბოლოო მიზანი ისაა, რომ საქართველოს ომში ჩათრევა მოხდეს. რაში სჭირდებათ ხელისუფლების დასუსტება: ქუჩის, დესტრუქციის, არადემოკრატიული მეთოდებით ძალაუფლების გადაბარება რომ გაუადვილდეთ. ეს ვერ მოხდება. ეს ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია“- განაცხადა შაქარიშვილმა.

მისი თქმით, ეროვნული პოლიტიკა ანტიდასავლურ პოლიტიკას არ უდრის.

„მე რასაც ვსაუბრობ, ამას ოპოზიცია, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები როგორც ანტიდასავლური რიტორიკას შეაფასებენ. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ეს სტერეოტიპი უნდა დავარღვიოთ და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ეროვნული, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ანტიდასავლურ პოლიტიკას არ უდრის. იტალიაში, უნგრეთში, ევროპის წამყვან სახელმწიფოებში ლიდერები გამოდიან და ამბობენ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესით ვიხელმძღვანელებთო. ეს არც პრორუსობას უდრის და არც ანტიდასავლურ რიტორიკას. ეს შენი ქვეყნის სიყვარულს და ინტერესების დაცვას უდრის“ – განაცხადა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები