შემოსავლების სამსახური საქართველოში სანქცირებული ნავთობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება მედია საშუალებებითა და ,,ანტიკორუფციული მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას მიერ გაკეთებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში სანქცირებული ნავთობის შემოტანის თაობაზე.

“აღნიშნული მოძრაობის ხელმძღვანელმა 10 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოქალაქეთა განცხადებების სარეგისტრაციო სივრცეში, მატერიალური ფორმით, წარადგინა წერილი, რომელსაც დანართის სახით ახლდა დოკუმენტი.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს იმპორტის საბაჟო დეკლარაციას, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო პროცედურის გამოყენება. აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე, დეკლარაციის შევსების უფლებამოსილება აქვს, როგორც საბაჟო ორგანოს, ასევე დეკლარანტს/იმპორტიორს.

ხსენებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიამ თავად განახორციელა საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარუდგინა (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით) შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს. საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, ქართული კომპანიის მიერ იმპორტის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბნის” გავლით შემოტანილი იქნა, დაახლოებით 60 ტონა (ერთი რკინიგზის ვაგონი) საავტომობილო ბენზინი.

ექსპორტიორს წარმოადგენს ერთ-ერთი რუსული კომპანია (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან), რომელიც საბაჟო პროცედურის განხორციელების დროს არ იყო სანქცირებულ კომპანიათა სიაში. საბაჟო დეკლარაციის დამუშავება და დასრულება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთიდან 81 ათასი ტონა სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უწყების დისკრედიტაციას,”-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები