ირანის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალება ფიზიკური ზემოქმედებით არ იყო გამოწვეული.
როგორც ექსპერტიზის დოკუმენტშია ნათქვამი, „გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილი თავისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებსა თუ სხეულის ნაწილებზე მიყენებული დარტყმით არ იყო გამოწვეული“.
ირანელი ექსპერტების დასკვნით, 8 წლის ასაკში გოგონას თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა.
ირანში საპროტესტო აქციები 17 სექტემბრიდან მას შემდეგ იმართება, რაც 13 სექტემბერს “მორალის პოლიციამ” 22 წლის მეჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. მაჰსა ამინის ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, მას თავში სასტიკად ურტყამდნენ და აშინებდნენ. ამინის ტვინისა და გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
საპროტესტო აქციებზე კი ირანელი ქალები ჰიჯაბებს წვავენ და საჯაროდ თმას იჭრიან.
მაჰსა ამინი გარდაიცვალა ცერებრალური ჰიპოქსიის შედეგად, გულის უეცარი არითმიის, დაბალი წნევის და გონების დაკარგვის გამო, ასევე, ტვინში ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდების შედეგად.
აღნიშნულია, რომ რვა წლის ასაკში ამინის ტვინის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც მას განუვითარდა ადრენალინის და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა თავის ტვინის ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზის ჯირკვალში.
ექსპერტიზის დასკვნით, ამის გამო, ის იყენებდა პრეპარატებს ჰიდროკორტიზონს, ლევოთიროქსინს და დესმოპრესინს.
„ამინს განუვითარდა უეცარი გულის არითმია და გონების დაკარგვა, რაც მის ქრონიკულ დაავადებას უკავშირდება. ამინს ინციდენტის დროს, არასაკმარისი ჩარევის შედეგად, ცერებრალური ჰიპოქსია აღენიშნებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.