“პუტინი “ზამთრის გენერალს” ელოდება, რომელიც ყოველთვის მხსნელად ევლინებოდა რუსეთის არმიას” – ჟოზეფ ბორელი
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ელოდება, რომ, ზამთრის სირთულეებთან ერთად, უკრაინის ომისგან დასავლური სამყაროს დაღლილობა გაიზრდება.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტში განაცხადა.
როგორც ბორელმა აღნიშნა, ომის შედეგები ბევრი ქვეყნისთვის მძიმეა ენერგიასა და საკვებზე ფასების ზრდის კუთხით.
“აქტიურ ურთიერთქმედებაში უნდა ვიყოთ დანარჩენ მსოფლიოსთან, რომ დავეხმაროთ მათ ამ ომის შედეგების გადალახვაში. დიდი დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გავწიოთ, რომ მსოფლიომ გაიგოს, თუ რატომ ხდება ეს ომი და როგორ შეიძლება, ის დასრულდეს”, – თქვა დიპლომატმა.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი ვერ დასრულდება დასავლური სამყაროს დაღლილობის გამო, რისი იმედიც პუტინს აქვს.
“პუტინს სჯერა, რომ დემოკრატიები სუსტია, რომ საზოგადოებრივი აზრის სისტემები ცივ ზამთარს ვერ გაუძლებენ. ის ელოდება “ზამთრის გენერლის” დადგომას, რომელიც ყოველთვის, საბოლოოდ, მხსნელად ევლინებოდა ხოლმე რუსულ არმიას. ის ელოდება სიცივეს, გაზის მიწოდების შეფერხებას, მაღალ ფასებს და დაბალ ტემპერატურას, რომ ძირი გამოუთხაროს ჩვენს ნებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ეს არის ადგილი, სადაც ევროპელებს უნდა ვთხოვოთ გაიგონ, თუ რა დევს სასწორზე, რადგან ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ კეთილშობილების საკითხი. ჩვენი მხარდაჭერა უნდა იყოს ურყევი, რადგან უკრაინის უსაფრთხოება განუყოფლად არის დაკავშირებული ჩვენს უსაფრთხოებასთან. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყდება იქ“, – განაცხადა მან.
ბორელის თქმით, “ეს ომი შეიძლება, დასრულდეს მხოლოდ ისე, რომ იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა. მშვიდობის უზრუნველსაყოფად კი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს ტერიტორიული მთლიანობა და სრული სუვერენიტეტი; რუსეთი უნდა იყოს იძულებული, აღიაროს თავისი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ომზე, გადაიხადოს რეკონსტრუქციის ფასი და პასუხი აგოს ადამიანურ დანაშაულებებზე, რომელიც იქ მოხდა. მხოლოდ ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი და არაფერი სხვა. ამიტომაც, ვაწესებთ სანქციებს. ამისკენ არის მიმართული დიპლომატიური ქმედებები. ამ სამ ფრონტზე უნდა გავაგრძელოთ დაუღალავი მუშაობა: ახლა დაყოვნების დრო არ არის“.