Gazeta Polska: პოლონეთი და აშშ ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების პროგრამაზე მოლაპარაკებას მართავენ
პოლონეთი შეერთებულ შტატებთან ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების პროგრამაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მართავს.
ამის შესახებ Gazeta Polska-ს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განუცხადა.
„პირველი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი. არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ჩვენ, პოლონეთი უახლოეს მომავალში მას ხელში ჩავიგდებთ. ყოველთვის არის პოტენციური შესაძლებლობა, მიიღო მონაწილეობა ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების პროგრამაში. ამერიკელ ლიდერებთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ განიხილავს თუ არა შეერთებული შტატები მსგავს შესაძლებლობას. თემა ღიაა“, – განმარტა დუდამ.
ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების პროგრამა შემუშავდა ნატოს ბირთვული შეკავების პოლიტიკის ფარგლებში. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ალიანსის ქვეყნებს, რომლებსაც ბირთვული იარაღი არ გააჩნიათ.
პროგრამა არ აფართოებს ბირთვული სახელმწიფოების სიას. ამჟამად, ნატო-ში სამი ასეთი ქვეყანაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ბირთვული იარაღის პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება. ასეთი ქვეყნების ტერიტორიაზე შესაძლებელია ბირთვული იარაღის შენახვა, მათ შორის, თვითმფრინავების ჩათვლით.