სტოლტენბერგი: ნატოს ქვეყნები ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არ აღიარებენ – დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე უკრაინაა, ისევე, როგორც ყირიმი

Press Conference by NATO Secretary General Jens Stoltenberg

მიწის ეს მიტაცება არის უკანონო და არალეგიტიმური. ნატოს ქვეყნები არ აღიარებენ ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე უკრაინაა, ისევე, როგორც ყირიმი.

„ნატოს ქვეყნები არ აღიარებენ ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, უარყოს რუსეთის ყველა ეს დაპყრობითი ქმედება. ეს მიწები ეკუთვნის უკრაინას, დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, უკრაინაა ხერსონი და ზაპოროჟიეც, ისევე, როგორც ყირიმი.

უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი იტაცებს უკრაინის ტერიტორიას ძალის გამოყენებით, თუმცა ეს არ ცვლის კონფლიქტის ბუნებას. ეს რჩება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი აგრესიის ომად და არ ცვლის უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე ჩვენს მზადყოფნას. ნატო არ არის ამ კონფლიქტის ნაწილი, თუმცა ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, რათა მან დაიცვას თავისი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, რაც გაწერილია გაეროს წესდებაში. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენ ვრჩებით ერთიანი და მტკიცე, დავიცვათ ნატოს თითოეული მოკავშირე და ალიანსის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. პუტინმა განახორციელა ასობით ათასი დამატებითი სამხედროს მობილიზება, ის დაკავებულია ბირთვული იარაღის ჟღარუნით და ახლა მოახდინა დამატებით უკრაინული ტერიტორიების უკანონო ანექსია. ყველაფერი ერთად, ეს წარმოადგენს ომის დაწყების შემდეგ ყველაზე სერიოზულ ესკალაციას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ასევე, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები