კრემლის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ასობით რუს ოფიციალურ პირსა და კომპანიას ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა შორის არიან რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, სახელმწიფო სათათბიროს 109 წევრი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს 169 წევრი.
„არ დაუშვათ შეცდომა: ამ ქმედებებს არ აქვს ლეგიტიმაცია. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, უარი თქვან რუსეთის უკანონო ანექსიის მცდელობებზე და დადგნენ უკრაინის ხალხის გვერდით იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები კრემლს პასუხს აგებინებენ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ასევე, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.